„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შედეგად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ჯარიმები) დაწესდება ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება. ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომელმაც კანონპროექტები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით განსახილველად წარადგინა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მომხსენებლის თქმით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება ასევე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სხვისი მართვის მოწმობით სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი პირისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის და იმ სპორტული დანიშნულების ავტომობილის მართვისთვის, რომლის ტექნიკური პასპორტიც (რეგისტრაცია) გაუქმებულია.
საკანონმდებლო პაკეტის მიღებით იცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირების ცხრილიც.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად აკეთებს ანალიზს, რის შედეგადაც გამოჩნდა, რომ პრაქტიკაში არსებულ ჯარიმას ან ნორმას არ გააჩნია პრევენციული ეფექტი, ამიტომ შემოვდივართ ამ ინიციატივით, გაიზარდოს ჯარიმა იმისათვის, რომ ნორმის მოქმედებას ჰქონდეს უფრო მეტად პრევენციული ეფექტი, ჩვენი თვითმიზანი არ არის, რომ მუდმივად დაკავებული ვიყოთ ხალხის დაჯარიმებით. ჩვენი მიზანია, რომ დაცული იყოს საგზაო მოძრაობის წესები, რაც ავარიებს და საგზაო შემთხვევებს შეამცირებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
პარლამენტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტებს.