რძის ნაწარმის ფასები უკვე რამდენიმე თვეა ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. როგორც ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, ბაზარზე ნედლი რძის დეფიციტია, შესაბამისად გაძვირებულია ყველიც და სხვა რძის ნაწარმიც.
„თუ ადრე ბაზრის 30%-ს ქართული ნედლი რძე აკმაყოფილებდა, დღეს ვითარება ბევრად კატასტროფულია, შესაძლოა ეს მაჩვენებელი 10-15%-მდე ჩამოვიდა. ძალიან მარტივად ჩაგვანაცვლა ბელარუსულმა რძემ. კატასტროფული ვითარებაა ფასების მხრივ. 22 ლარი გახდა იმერული ყველი, არ ახსოვს ქართულ ბაზარს ასეთი შემთხვევა. ასეთი მარტივი ყველისთვის იმის გამო, რომ რძის დეფიციტია, 22 ლარი ფასი მართლაც კატასტროფაა. თუმცა თუ ვითარება ასე გაგრძელდა, ძალიან მალე 28 ლარიც გახდება“, — ამბობს ანა მიქაძე.
ექსპორტზე საუბრისას კი ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ევროპულ ბაზარზე ქართული რძის პროდუქტების მოხვედრის შანსი მინიმალურია, რადგან ის ვერანაირ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
„რძის პროდუქტების ექსპორტზე საუბარი არის ბლეფი. საუბარი იმაზე, რომ რომელიმე ევროპული ქვეყანა ცხოველური პროდუქტებით და პირველ რიგში რძის პროდუქტებით შეგვიშვებს ბაზარზე, არის ბლეფი, რადგან არანაირ მოთხოვნებს, არანაირ სტანდარტებს არ ვაკმაყოფილებთ. საკუთარ ბაზარზე არ გვყოფნის არაფერი და რომელ უცხოურ ბაზარზეა საუბარი. გარდა ამისა, ევროპაში გასატან პროდუქტს ბევრი სტანდარტის დაკმაყოფილება უწევს, რასაც ქართული სამწუხაროდ ვერ აკმაყოფილებს. რაღაც პატარა კომპანიები, რომლებიც თითქოს ექსპორტზე გადიან, აი, წარმოუდგენელია“, — ამბობს ანა მიქაძე.