თებერვალში საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 179 მილიონი დოლარით შემცირდა და 4.74 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2023 წლის 31 იანვრისთვის ეს მაჩვენებელი 4.899 მლრდ აშშ დოლარი იყო.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 4,4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 2,9 მლრდ დოლარი და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1,5 მლრდ დოლარი.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (სესხების სპეციალური უფლება) – 469,7 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,4 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 9,7 მლნ დოლარს შეადგენს.