„ევროკავშირში მოგზაურობას რუსეთზე ნულოვანი ტრანსფორმაციული ეფექტი აქვს. 2007 წელს, სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ, მოსკოვი თავს დაესხა საქართველოს, დაიწყო ომი უკრაინასთან, ჩაიდინა მრავალი დანაშაული - ეს ყველაფერი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით. რუსეთის გარდაქმნისთვის, კარი დაუკეტეთ რუს ტურისტებს“, — ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მინისტრები პრაღაში ორდღიან არაფორმალურ შეხვედრაზე იკრიბებიან. ევროპელი ლიდერები განიხილავენ როგორ შეუძლია ევროკავშირის ქვეყნებს მხარი დაუჭირონ უკრაინას სამხედრო და სოციალური მიმართულებით. შეხვედრაზე, ევროკავშირის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე განიხილავენ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით შეზღუდვებს. ამ მხრივ, ერთ-ერთი მთავარი თემა რუსი ტურისტებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვაა.
საკითხზე აზრი ორად არის გაყოფილი. ცნობილია, რომ ამ ინიციატივას მხარს უჭერენ ბალტიისპირა ქვეყნები, ასევე, ფინეთი და პოლონეთი, ქვეყნები რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან. მას ასევე მხარს უჭერს ნიდერლანდები.
შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ლიეტუვის ვიცე პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი რუსი ტურისტებისთვის შეზღუდვებს დააწესებს. განსხვავებული პოზიცია აქვთ საფრანგეთსა და გერმანიას. შეხვედრის წინ გავრცელებულ მემორანდუმში ისინი უფრო ფრთხილ მიდგომას ითხოვენ.
წყარო: mtavari.tv