წინასაახალწლოდ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოსარგებლეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. ბოლო პერიოდში საწვავის გაიაფების მიუხედავად, მგზავრობის ტარიფი არ შეცვლილა, გაიაფება არც მომავალში იგეგმება.
,,დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელის ნესტორ მიქატაძის თქმით, მგზავრობის ფასების გადახედვა არ იგეგმება.
,,საწვავი საერთაშორისო ბაზრებზე და ჩვენთანაც გაიაფდა, მაგრამ მგზავრობის ტარიფების ცვლილება არ იგეგმება. აღურიცხავი ტრანსპორტის და არაჯანსაღი კონკურენციის გამო, არათანაბარ პირობებში გვიწევს მუშაობა. ისინი არ იხდიან გადასახადებს, ჩვენ კი კეთილსინდისიერი გადამხდელები ვართ, გვიწევს სხვადასხვა ხარჯის გაწევა, ეს ხარჯები კი ძალიან მაღალია.
წინა წლებში საახალწლო პერიოდში ფასები ძირითადად იზრდებოდა, მაგრამ საწვავის ფასების შემცირების შედეგად გაძვირებაზე საუბარი ზედმეტია. ვცდილობთ, რომ არსებული ტარიფები შევინარჩუნოთ.
დღიურად 45-მდე რეისი სრულდება, აქტიურობა გაზრდილია, თუმცა პანდემიმდელ მაჩვენებელს ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა“, - განაცხადა ნესტორ მიქატაძემ.
მისი თქმით, თბილისი-ქუთაისის მიმართულებით ბილეთი 20 ლარი ღირს, ზუგდიდის, ფოთის და ბათუმის მიმართულებით კი - 25 ლარი.