„საკონკურსო პირობა არ უნდა იყოს ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზება,“ - ასე გამოეხმაურა მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სამშენებლო სექტორის მიმართ მთავრობის ახალ ინიციატივას.
კერძოდ, პრემიერის განმარტებით, სამშენებლო კომპანიებს, საქართველოს მთავრობის გარანტიით შეუძლიათ დამატებით მოიზიდონ ფინანსური რესურსი ადგილობრივ ბაზარზე, ბანკებიდან.
როგორც როსტომაშვილმა აღნიშნა, ამ ინიციატივას დადებითად უყურებს.
„მსგავს წინადადებებს ყოველთვის ვემხრობი და ვფიქრობ, ქვეყანას ძალიან წაადგება ბევრი მსგავსი წინადადება. პრემიერის ეს შეთავაზება არის გამართული, თუმცა, ახლა ამას სჭირდება დახვეწა და გაწერა ხელშეკრულებაში. ჩვენთვის მაგალითად კითხვაა და საინტერესოა - ბინების სპეციფიკაცია, სად შენდება ბინები - თბილისში თუ რეგიონებში, ფასთან ნუსხა როგორია. ჩემი აზრით, კონკურსი იაფ ბინაზე სწორი არ არის. მთავარია ის ხარისხი რაც გვინდა, რომ მივიღოთ. მარტივად რომ ვთქვათ, საკონკურსო პირობა არ უნდა იყოს ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
არასწორი მგონია, როდესაც სახელმწიფო შესყიდვებში გადამწყვეტი სწორედ დაბალი ფასია. ამიტომ არის რომ ხან ჭერი ვარდება მეტროსადგურში და ხან რა. სახელმწიფო უნდა ჩამოყალიბდეს - უნდა „ც კლასის“ 2022 წლის მერსედესი თუ პირობითად „მოსკვიჩი“. უნდა გამოაცხადოს კონკურსი იმაზე თუ ვინ მიუყვანს მერსედესს ყველაზე კარგ ფასად, თორე თუ გამოაცხადებს - ვინ მიუყვანს ყველაზე იაფ მანქანას - შედეგად მიიღებს მოსკვიჩს,“-აღნიშნა როსტომაშვილმა.
BPN.GE