ხუდონჰესის პროექტს სახელმწიფო განახორციელებს. როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მიღებულია გადაწყვეტილება ხუდონჰესის გამოსყიდვის შესახებ. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ მოიწონა ჰუდონის ჰესის გამოსყიდვის შესახებ წინადადება, შედგა ინვესტორთან შეთანხმება და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი. ლევან დავითაშვილის თქმით, პროექტის განხორციელება 2023 წელს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით დაიწყება.
„13,5 მლნ დოლარის იყო ის თანხა რა თანხაზეც მოხდა მორიგება ინვესტორ კომპანიასთან“, — განმარტა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ Trans Electrica BVI-სა და Trans Electrica Georgia-სთან საქართველოს მთავრობამ ხუდონის 702-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით პირველი მემორანდუმი 2011 წელს გააფორმა. მას შემდეგ დოკუმენტში არაერთი ცვლილება შევიდა. 2015 წელს განახლებული მემორანდუმის მიხედვით, სახელმწიფო ელექტროსადგურის აშენების შემდეგ იღებდა ვალდებულებას, რომ აშენებიდან 15 წლის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ტარიფად შეეძინა გამომუშავებული ელექტროენერგია. კერძოდ, PPA ხელშეკრულებაში ჩაიდო, რომ პირველი 8 წლის განმავლობაში ხუდონის გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებული ტარიფი კილოვატზე 10.5 აშშ ცენტი იქნებოდა, თუმცა პროექტის განვითარება, ფაქტობრივად, გაჩერებული იყო.