სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება. ამის შესახებ „კომერსანტთან“ „საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ქავთარაძემ განუცხადა.
„სავარაუდოდ სავალუტო ჯიხურების გახსნა 8 ივნისს იგეგმება, ოფიციალურად ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა მარეგულირებელისგან გვაქვს მსგავსი ინფორმაცია. მოგვიწევს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა და იმ გაიდლაინების შესრულება რაც საფინანსო სექტორისთვისაა გაწერილი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გვქონია. ჩვენი სექტორი გამოირჩევა მცირე კაპიტალით და დიდი ზარალის წინაშე აღმოვჩნდით. როდესაც შეზღუდვები შემოვიდა რა თქმა უნდა გაგებით მოვეკიდეთ, მაგრამ დროში გაწელვამ, ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა“, - განაცხადა ნინო ქავთარაძემ.
Covid 19-ს პრევენციის მიზნით, არასაბანკო ფინანსური სექტორის საქმიანობა 31 მარტს შეწყდა. დროებით მუშაობა შეწყვიტეს სესხის გამცემმა ორგანიზაციებმა, რომლებიც ოფისიდან მუშაობენ, ასევე, ვალუტის გადამცვლელმა ჯიხურებმა და სხვა საფინანსო სფეროში მოღვაწე კომპანიებმა.
ნინო თამაზაშვილი