„სახელმწიფოს შეეძლო დაეშვა ტექნიკის ონლაინ გაყიდვები და ეს ვირუსზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენდა“ - ასე აფასებს „ტექნობუმის“ დირექტორი ანზორ ქოქოლაძე საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელებით გამოწვეულ დარტყმას ბიზნესისა და კერძძოდ ტექნიკის ბაზრისთვის.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს რომ ბიზნესსა და მოქალაქეებზე უსაფრთხოების მიზნით შეზღუდვები კიდევ ერთი თვე ძალაში იქნება. ბიზნესის ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ მდგომარეობის პარალელურად კომპანიების მდგომარეობის შესამსუბუქებლად გარკვეული ღონისძიებები უნდა გატარდეს.
ანზორ ქოქოლაძის თქმით, კომპანია ამ ეტაპზე მხოლოდ დაშვებულ საკომუნიკაციო საშუალებების რეალიზაციას ახდენს, თუმცა, მკვეთრი დაღმასვლის თავიდან ასაცილებლად ელოდება სახელმწიფოსგან ნებართვას, რომ ტექნიკის ონლაინ გაყიდვები დაშვებული იყოს.
„10 მაისამდე გაჩერებული ბაზარი ეკონომიკას დიდად დააზარალებს და არც ტექნიკის ბაზარია გამონაკლისი. უბრალოდ, არჩევანი არ გვაქვს, როგორც კომპანიას, ისე სახელმწიფოს. საგანგებო მდგომარეობის გადაწევა და ის, რომ ვირუსის გავრცელების რისკები ჯერ კიდევ არსებობს,რა თქმა უნდა, მძიმეა კომპანიისთვის. თუ დაშვებული იქნება მოძრაობა და ბიზნესი გაიხსნება, ამან შეიძლება ვირუსის გავრცელებას შეუწყოს ხელი და შესაბამისად, უფრო დიდი საფრთხეები გაჩნდება. ახლა რაც დაშვებულია, საკომუნიკაციო საშუალებების გაყიდვა, ჩვენი მხრიდან ხორციელდება, მაგრამ განცხადება შეტანილი გვაქვს და ველოდებით მთავრობისგან ნებართვას დანარჩენ პროდუქტების გაყიდვაზე, რომელიც ონლაინ საშუალებებით უნდა მოხდეს. ასეთი გაყიდვების შემთხვევაში ორი-სამი თანამშრომელი მუშაობს და მთავრობას შეიძლებოდა მოეცა ნებართვა ონლაინ გაყიდვებზე. არ ვიცით, იმედი გავქვს რომ ონლაინ ვაჭრობის ნებართვა დროულად გვექნება.“ ამბობს ქოქოლაძე
მარიამ მორგოშია