„მას შემდეგ, რაც განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზე საფასური დაწესდა, ავტომობილების დახარვეზების მაჩვენებელი მცირედით შემცირდა“ - ამის შესახებ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ვაჟა იორდანიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისივე თქმით აღნიშნული, სავარაუდოდ, გამოწვეულია იმით, რომ მძღოლებს ტექინსპექტირებაზე ავტომობილები შედარებით მოწესრიგებულ მდგომარეობაში მიჰყავთ.
„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ გარკვეულმა ცვლილებამ (განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზე საფასურის დაწესებამ) ტექინსპექტირების მიმართულებით რაიმე რადიკალური ცვლილება არ მოიტანა. მცირედი ცვლილება დახარვეზების მაჩვენებელს მაინც შეეხო. 2023 წლის იანვარ-თებერვლის თვეში მომართვიანობის მაჩვენებელი 2022 წლის მაჩვენებლების თითქმის ანალოგიურია. რაც შეეხება დახარვეზების მაჩვენებელს, მას შემდეგ, რაც 1-ელი თებერვლიდან განმეორებით ინსპექტირებაზე საფასური დაწესდა, დახარვეზების მაჩვენებელმა მცირე ცვლილება განიცადა. პირველადი მონაცემებით, თუ ადრე დახარვეზების მაჩვენებელი სადღაც 30 %-ის ფარგლებში იყო, ახლა მცირედით შემცირდა და დაახლოებით 25 %-მდეა. ეს, სავარაუდოდ, გამოწვეულია იმით, რომ მძღოლებს ავტომობილები შედარებით მოწესრიგებულ მდგომარეობაში მოჰყავთ. ადრე განმეორებითი ინსპექტირება უფასო იყო, მაშუქი ფარების გადამოწმება მარტივად შეიძლებოდა, ამ მიმართულებით კი ტექინსპექტირებამდე ავტომობილის რევიზირება არ ხდებოდა. ახლა იმისთვის, რომ ავტომობილის განმეორებით ინსპექტირებაზე მოყვანა არ გახდეს საჭირო და მძღოლებმა დამატებითი ხარჯები არ გაიღონ, ისინი მაშუქ ფარებზე ავტომობილის შემოწმებას თავადვე იწყებენ. ინტერიერის მიმართულებით რაც ხარვეზდებოდა, ესეც შემცირდა, რაც, პირველ რიგში, მაშუქ ფარებს ეხება“ – განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა.
მისივე თქმით, ტექინსპექტირების პირობების ნაწილი აღარ გამკაცრდება.
„რაც 2023 წლის 1-ელი იანვრიდან გამკაცრდა, ვიცით: გამონაბოლქვის ნორმა და ხმაურზე დახარვეზება. აქვე უნდა ითქვას, რომ გარკვეულწილად მძღოლებისთვის შეღავათები იქნა დაწესებული, რეგლამენტიდან საერთოდ ამოღებულია მუხლი იმის შესახებ, რაც მძღოლებს გარკვეულ ვალდებულებებს უწესებდა. კერძოდ, მძღოლებს 2023 წლიდან უნდა ჰქონოდათ უსაფრთხოების სამკუთხედი, ცეცხლმაქრი, სააფთიაქო ყუთი. ეს 3 კომპონენტი სავალდებულო აღარ იქნება. მძღოლებს ამ კომპონენტების შეძენა დამატებით ტვირთად აღარ დაეკისრებათ“ – განაცხადა იორდანიშვილმა.