თბილისში კოსტავას 68-ში მდებარე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა განმეორებით აუქციონზე გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა ერთმა სუბიექტმა მიიღო, რომელმაც შენობა 65 100 000 ლარად იყიდა.
ობიექტის საწყისი ღირებულება დღგ-ს გარეშე 65 000 000 ლარს შეადგენდა, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 76 700 000 ლარს შეადგენს, რომელიც მყიდველს შემდეგი გრაფიკით უნდა გადაიხადოს:
45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში;
20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა;
20% - არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა;
7.5% - არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა;
7.5% - არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა;
გასაყიდად გამოტანილი ლოტი კი 33209 მ² მიწის ფართობს და მასზე დამაგრებულ 23649 მ² შენობა ნაგებობებს აერთიანებს.
აუქციონის პირობების მიხედვით, ვინაიდან თბილისში, ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა №31-ში, მიმდინარეობს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სრულფასოვანი საქმიანობისათვის აუცილებელი ახალი შენობა-ნაგებობების მშენებლობა, სადაც მაუწყებელმა სამომავლოდ უნდა გააგრძელოს თავისი საქმიანობა, ამიტომ კოსტავას 68-ში მდებარე შენობა ნაგებობებს ის მთლიანად გამოათავისუფლებს 2024 წლის 31 დეკემბრისათვის. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადასვლა შეუძლებელია ახალი შენობა-ნაგებობის დაუსრულებლობის გამო, მშენებელი კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის/არა ჯეროვანი შესრულების შედეგად ან ფორს მაჟორული გარემოებების გამო. ასეთ შემთხვევაში „ნასყიდობის საგნის“ გამოთავისუფლების ვადა გადაიწევს.