ეროვნულ ბანკში ლარის კურსის გამყარებას პოზიტიურ გარემოს, ასევე ფულადი შემოდინებების აღდგენას უკავშირებენ.
ამასთან, როგორც სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, მოკლევადიან პერიოდში კურსის დინამიკის ახსნა შეუძლებელია.
„რასაც ვხედავთ შესაძლოა, იყოს კურსის მერყეობა, ამიტომ მისი ზუსტი ახსნა მოკლევადიან პერიოდში შეუძლებელია, თუმცა ჯამურად თუ შევხედავთ, გარემო არის პოზიტიური, დიდწილად აღსდგა გარკვეული ნაკადები. პანდემიის დროს გაუფასურება შესაძლოა იყო ჭარბი, ვიდრე ეს არის დღევანდელი გამყარება. დამატებითი ფაქტორი შეიძლება იყოს ის, რომ დეპოზიტების მხარეს ვხედავთ საკმაოდ სტაბილურ დინამიკას ლარში ანაბრების ზრდის თვალსაზრისით, რაც შესაძლოა მიუთითებდეს, რომ გადოლარების ტენდენციები, რაც ცალკეულ პერიოდებში გვქონდა, ახლა არ გვაქვს და აქედან დამატებითი წნეხი არ მომდინარეობს. მოლოდინები შესაძლოა ახლა ნეგატიური არაა და მეტიც, პოზიტიურია“,- აცხადებს დავით უტიაშვილი.
ცნობისთვის, Bloomberg-ის პლატფორმაზე $1-ის ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა. ლარის გამყარების მიზეზებთან დაკავშირებით სპეციალისტები რამდენიმე ფაქტორს გამოყოფენ მათ შორის, 2020 წელთან შედარებით გაზრდილ ფულად ნაკადებს, ანუ ექსპორტის, გზავნილებისა და ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენით მიღებულ შემოსავლებს, ასევე ლარის გამყარების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება მნიშვნელოვნად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა.
businessformula.ge