კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დროებითი საზედამხედველო გეგმა შეიმუშავა. გეგმის თანახმად, კომერციულ ბანკებს შეუმსუბუქდება კაპიტალის მოთხოვნები, რაც გულისხმობს კაპიტალის კონსერვაციის ბუფერისა (რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების 2,5%-ის ოდენობით) და პილარ 2-ის ბუფერის ნაწილის (არაჰეჯირებული საკრედიტო რისკის ბუფერის 2/3) გაუქმებას.
„აღნიშნული საბანკო სექტორს 1,6 მილიარდი ლარის ოდენობის კაპიტალს გამოუთავისუფლებს, რაც შეიძლება, მიმართული იქნას პოტენციური ზარალების გასანეიტრალებლად ან ეკონომიკის 16 მილიარდი ლარით დასაკრედიტებლად. ჯამურად, საბანკო სექტორს მინიმალური მოთხოვნების ზევით 4 მილიარდი ლარის კაპიტალის ბუფერი გააჩნია, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება, სრულად გამოთავისუფლდეს“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალია „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სებ-ის მიერ კაპიტალის ბუფერების გარკვეული ნაწილის გამოთავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ბანკებს მისცემს შესაძლებლობას, ეკონომიკის რეალური სექტორების დაკრედიტება გააგრძელონ.
„საქართველოს ბანკი და საერთოდ, საბანკო სექტორი საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი კაპიტალიზაციითა და ლიკვიდურობით გამოირჩევა. სექტორი არის ძალიან მდგრადი, რაც განპირობებულია მათ შორის მოქმედი რეგულაციებით. სებ-ის მიერ კაპიტალის ბუფერების გარკვეული ნაწილის გამოთავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯია ეპიდემიით გამოწვეული პოტენციური სტრესების საპასუხოდ. რაც მთავარია, ეს ბანკებს მისცემს შესაძლებლობას, გააგრძელონ ეკონომიკის რეალური სექტორების დაკრედიტება“, - აცხადებს სულხან გვალია.
კაპიტალის ბუფერების გამოთავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა „კომერსანტთან“ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ბესო შენგელიამაც და აღნიშნა, რომ კომერციული ბანკების მსგავსად მისო-ებსაც აქვთ სებ-თან აქტიური მოლაპარაკებები. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მხრიდან საუბარია ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ლარის რესურსის გამოყოფაზე კომერციული ბანკების მეშვეობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კუთხით ეროვნულ ბანკს იგივე მიდგომა აქვს როგორც ბანკებთან მიმართებაში, ლიკვიდურობის და კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტის შემთხვევაში მოხდება შერბილება იმ პერიოდის განმავლობაში სანამდეც ეს საჭირო იქნება. გარდა ამისა, საუბარია ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ლარის რესურსის გამოყოფაზე კომერციული ბანკების მეშვეობით, ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და ველოდებით დასრულებას. იმისთვის რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა გავაგრძელოთ ბაზარზე ოპერირება, მოგეხსენებათ გვიწევს საკმაოდ ჭარბი დოზით მსესხებლებისთვის საშეღავათო პერიოდის შეთავაზება, რაც რა თქმა უნდა ჩვენს ლიკვიდურობაზე აისახება, მეორეს მხრივ საერთაშორისო რესურსების მიწოდებაც ამ ეტაპზე შემცირებულია, შესაბამისად ბუნებრივია თანხები გვჭირდება და კარგია, რომ ეროვნული ბანკი ასეთ გადაწვეტილებებს იღებს“, - განმარტავს ბესო შენგელია.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ კაპიტალის მოთხოვნების შემსუბუქება არ უნდა გამოიყენონ დივიდენდის, აქციების გამოსყიდვის, წილობრივი ინვესტიციების, მენეჯმენტის ბონუსების ზრდის ან სხვა ისეთი გადახდების განსახორციელებლად, რომელიც მათ კაპიტალს შეამცირებს.
ნინო თამაზაშვილი