სექტემბერში საქართველოში რუსი ვიზიტორების რაოდენობა 392,4%-ითაა გაზრდილი. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2022 წლის სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში სულ 163 192 მოგზაური შემოვიდა, მაშინ როდესაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში მათი რაოდენობა 33 139 მოგზაურს შეადგენდა.
სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, მიმდინარე წელს 2020 წლის სექტემბერთან შედარებით ზრდა 3589,6%-ია. ხოლო რაც შეეხება პანდემიამდელ მაჩვენებელს ზრდა 10,7%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოში რუსეთიდან საქართველოში 213 261 ვიზიტორი შემოვიდა.
საგულისხმოა ისიც, რომ სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების TOP-10-ში რუსი ვიზიტორები ნომერ პირველ ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რის ფონზეც რუსეთის მოქალაქეებმა (ძირითადად მამაკაცებმა) საზღვრების ჩაკეტვის შიშით ქვეყნის დატოვება სწრაფად დაიწყეს. მობილიზაციის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში მთლიანად გაიყიდა უახლოესი დღეების ავიაბილეთები. ამ ფონზე რუსებმა ქვეყნის დატოვება სახმელეთო გზით აქტიურად დაიწყეს, რასაც კილომეტრიანი რიგები მოჰყვა ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე.
ადამიანებს საზღვართან ყოფნა ზოგჯერ 7 დღეც კი უწევდათ. დღეისათვის ვითარება დასტაბილურებულია და ლარსზე რიგები აღარ შეინიშნება.