ქართულ დახლებზე დაახლოებით 2 კვირაში მცენარეული ზეთი გაიაფებას დაიწყებს. ტენდენცია გლობალურ ბაზრებზე უკვე შესამჩნევია. განსაკუთრებით უკრაინაში, სადაც პროდუქტის ფასი საგრძნობლად შემცირდა. იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივი ბაზარზე ზეთის დიდი წილი უკრაინულ ნაწარმს უჭირავს, ცვლილება აქაც მოსალოდნელია. იმპორტიორების ინფორმაციით, გაიაფების პროცესი სექტემბრიდან დაიწყება.
ამის შესახებ „კომერსანტთან“ კომპანია „ალფას“ დამფუძნებელი, ზეთის იმპორტიორი კომპანია „ბარაქას“ დირექტორი გურამ ბროძელი საუბრობს. მისი განცხადებით, ზეთმა საქართველოშიც გაიაფება დაიწყო და უკვე სექტემბრიდან ფასი, ჯამში, 20%-ით უნდა შემცირდეს, ცხადია, თუ სავალუტო ბაზარზე ვითარება არ გაუარესდება.
„პანდემიურ პერიოდში წარმოების შემცირება შეიმჩნეოდა და ყველაზე მეტად ფასმა ცხიმებსა და მარცვლეულზე მოიმატა, შესაბამისად, ყველა დასახელება გაძვირდა. საქართველოში ზეთის გაძვირებას ხელი ლარის გაუფასურებამაც შეუწყო, რადგან გაძვირდა ლოგისტიკა, მოიმატა საწვავის ფასმა, რამაც იმპორტი უფრო მეტად გააძვირა, ვიდრე ამას გლობალურ ბაზრებზე ჰქონდა ადგილი. ახლა ყველგან ახალ მოსავალს ელიან, მათ შორის, უკრაინაში, სადაც ფასებამა უკვე იკლო. ბოლო პერიოდში ცვლილება ჩვენთანაც შეიმჩნეოდა, ზეთის ღირებულება დახლებზე დაახლოებით 10%-ითაა შემცირებული, ხოლო მასიურად პროდუქტი სექტემბრიდან დაიწყებს გაიაფებას, ჯამში, 20%-მდე. რა თქმა უნდა, ამას ლარის კურსმაც ხელი უნდა შეუწყოს, მინიმუმ, არსებულ მაჩვენებელზე შენარჩუნდეს. სხვა პრობლემა ბაზარზე ჯერჯერობით არ გველის“, - აცხადებს იმპორტიორი.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო ფასების ცვლილების ყოველთვიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, სურსათის წლიურმა ინფლაციამ 9.0 პროცენტამდე, ხოლო წვლილმა მთლიან ინფლაციაში 2.5 პპ-მდე მოიმატა.
ბოლო ერთ წელში 1 ლიტრი ზეთი საშუალოდ 4.43 ლარით, ხოლო ბოლო 2 წელში 4.91 ლარით გაძვირდა.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში 1 ლიტრი ზეთის საშუალო ფასი რეკორდულად მაღალი იყო და 8.81 ლარს უტოლდებოდა, მაშინ როდესაც 2020 წლის ივნისში 1 ლიტრი ზეთი 4.38 ლარი ღირდა, ხოლო 2019 წლის ივნისში 3.90 ლარი.
მარი ჩიტაია