2022 წლის 5 თვეში სადაზღვევო სექტორმა 9,4 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო, ამის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი. 2022 წლის 5 თვის განმავლობაში სექტორის მიერ მოზიდულმა პრემიამ 399,5 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 10%–ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე. 19%-ით არის გაზრდილი ანაზღაურებული ზარალები და 186 მილიონ ლარს შეადგენს.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, სექტორის 6 თვის მონაცემების გამოქვეყნებამდე, სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა „კომერსანტთან“ ბაზრის წლის პირველი ნახევრის მონაცემები შეაჯამა და იმ პრობლემებზე ისაუბრა, თუ რატომაც ვერ იზრდება ბაზარი.
„წლის პირველი ნახევრის მონაცემი წინა მაჩვენებლებისგან რადიკალურად განსხვავებული არ იქნება. მოგება შემცირებულია და ამაზე საუბარს დაიწყებენ, მაგრამ სექტორის მოგება ისედაც ძალიან მცირეა. თუ ამ მოგების განაწილებას გადავხედავთ, ეს ხომ საერთოდ საოცრებაა. რთული პროცესია, რადგან ჯანმრთელობის დაზღვევაც რომელიც ყველაზე გავრცელებულია ჩვენთან, ძალიან პატარა მარჟებით მუშაობს, ეს ნიშნავს რომ კომპანიის განვითარებას უჭირს, ამიტომ ბაზარზე სერიოზული იმპულსებია საჭირო, როგორც მთელ მსოფლიოში სხვადასხვა დროს მოხდა. ჩვენ გვაფერხებს ის, რომ სადაზღვევო სექტორი განვითარდება მაშინ როდესაც სავალდებულო დაზღვევების ის მინიმუმი შეიქმნება ქვეყანაში, როგორიც არის მთელ მსოფლიოში.
მოგება ზოგადად წლის ბოლოს უნდა ვნახოთ, ეს იქნება რეალური სურათი, მაგრამ ფაქტია რომ სადაზღვევო სექტორის მოგება მცირდება და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა საქართველოში ფაქტობრივად არცერთი დაზღვევა არ მუშაობს. ბოლო პერიოდში სწრაფად გაიზარდა სიცოცხლის დაზღვევა, მაგრამ ეს არ არის ის რაც ადამიანის ინტერესიდან მოდის, ეს არის სიცოცხლის დაზღვევა რომელიც დაკავშირებულია იპოთეკურ სესხთან.
ინფლაცია ძალიან რთულად აისახა სადაზღვევო სექტორზე და შესაბამისად ხდება ფასების ზრდა. სადაზღვევო პაკეტის ფასი არის ჯამი იმ პროდუქტების ღირებულებებისა რაც მნიშვნელოვნად გაძვირდა, მაგალითად ჯანმრთელობის დაზღვევის გაძვირება, მიბმულია წამლების ფასთან, რომელმაც მოიმატა. ასევე მაგალითად ავტომობილების დაზღვევა გაძვირდა, რადგან ფაქტია რომ გაიზარდა ავტონაწილების ფასები და ა.შ. მართალია, ყველა ქვეყანას დაზღვევის განსხვავებული სქემა აქვს, მაგრამ პრინციპია ჯიბიდან გადახდების შემცირება, რაც საქართველოში მიღწეული არ არის. გარდა იმისა, რომ სოციალური მდგომარეობა ადამიანებს ხარისხიანი სადაზღვევო პროდუქტის შეძენის შესაძლებლობას არ აძლევს, პრობლემაა სადაზღვევო კულტურის არარსებობაც, რაც კარგ პაკეტებზე მოთხოვნის არარსებობას განაპირობებს“, — აღნიშნავს დევი ხეჩინაშვილი.
31 მაისის მდგომარეობით, 18 სადაზღვევო კომპანიის აქტივები 1 მილიარდ 126 მილიონი ლარია, რაც 8%–ით მეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო კაპიტალი გაზრდილია 12%–ით და 319,1 მლნ. ლარს შეადგენს.