რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში სამშვიდობო მისიების გაგზავნა რუსეთისა და NATO-ს შეიარაღებული ძალების პირდაპირი კონფრონტაცია იქნება. აღნიშნულის შესახებ სერგეი ლავროვმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენმა პოლონელმა კოლეგებმა განაცხადეს უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის შესახებ. ვფიქრობ, ესმით, რაზეც საუბრობენ. ეს იქნება რუსეთისა და NATO-ს შეიარაღებული ძალების სწორედ ის პირდაპირი შეტაკება, რომლის არიდება ყველას არა მარტო უნდოდა, არამედ ამბობდნენ, რომ არასოდეს უნდა მომხდარიყო. პოლონეთის წარმომადგენლები ცნობილნი არიან თავისი არასტანდარტული სვლებით, რომელიც მიმართულია დიდი უბედურების პროვოცირებისკენ და არ გამოვრიცხავ, როდესაც ისინი სამშვიდობო ძალებზე საუბრობენ, ისინი გულისხმობენ მათ საზღვარს უკრაინის დასავლეთით. შეიძლება, სამშვიდობო ძალების შეყვანა სურთ ლვოვში, იქ შტაბ-ბინის შექმნა და შემდგომ იქ დარჩენა. ამ პროვოკაციის მეორე მიზანი არის ის რომ, საუბრები მიდის არა მარტო სამშვიდობო მისიის კონტიგენტზე, არამედ საუბარი მიდის იმაზე, რომ NATO თუ არა, მაშინ ბალტიისპირეთის ქვეყნების ბატალიონები შევიდნენ უკრაინის დასაცავად. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ თავშეკავება, ჩვენი პოზიცია ნათელია, მკაფიოდ წარვადგინეთ ჩვენი მიდგომები მოლაპარაკებებში. დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ შუამავლის როლის შესრულებას, მაგრამ ჩვენ გვაქვს მკაფიო წითელი ხაზები, რომელზედაც წლებია, ვსაუბრობთ და ახლა უკვე მხოლოდ საუბრებით ვერ შემოვიფარგლებით“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.