უკრაინაში სპეცოპერაციის შემდეგი ფაზა იწყება, რომლის მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის სრული გათავისუფლებაა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა India Today-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ოპერაცია აღმოსავლეთ უკრაინაში მიზნად ისახავს, როგორც უკვე გამოცხადდა, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სრულ გათავისუფლებას. ეს ოპერაცია გაგრძელდება. ამ სპეცოპერაციის შემდეგი ეტაპი ახლა იწყება“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გეგმავს.
კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა რუსეთი ბირთვულ იარაღს უკრაინაში, ლავროვმა უპასუხა : „ამ ეტაპზე ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენების ვარიანტს.“
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. მოსკოვი ირწმუნება, რომ უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ახორციელებს, რომლის მიზანი უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაციაა.“