2022 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სესხები გაძვირდა 12.2%-დან 13.3%-მდე. სესხები უცხოურ ვალუტაში 6.1%-დან 7.1%-მდე, ხოლო ლარში 15.6%-დან 16.4%-მდე გაძვირდა.
2022 წლის ნოემბერში სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები წინა თვესთან შედარებით 0.04 პპ-ით გაიზარდა და 13.4% შეადგინა. ეროვნული ვალუტით სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.3 პპ-ით 16.7%-მდე გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 0.4 პპ-ით გაიზარდა და 7.6% დონეზეა.
იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.4 პპ-ით გაიზარდა და 2022 წლის ნოემბერში 14.0% შეადგინა. იპოთეკურ სესხებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ-ით გაიზარდა ნოემბერში და 12.7% შეადგინა. წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთების ზრდასთან ერთად ადგილობრივ ბაზარზე უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებმა მოიმატა და ზრდას განაგრძობს. კერძოდ, ნოემბერში, იურიდიული პირების უცხოური ვალუტის სესხების საპროცენტო განაკვეთებმა, წინა თვესთან შედარებით 0.5 პპ-ით, 8.1%-მდე მოიმატა. ასევე, წინა თვესთან შედარებით, უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთები 0.1 პპ-ით - 6.1%-მდე გაიზარდა.
უცხოური ვალუტის დაკრედიტების მატების ფონზე, ნოემბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციამ, წინა თვესთან შედარებით, 0.7 პპ-ით მოიმატა და 44.6%-ს გაუტოლდა. იურიდიული პირების სესხების დოლარიზაცია 60.9%-მდე გაიზარდა, ფიზიკური პირების დოლარიზაციის დონე 30.4%-ია. ნოემბერში, ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 48.7 მლნ ლარით გაიზარდა და 522.6 მლნ ლარს გაუტოლდა.