2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სესხები გაძვირდა 11%-დან 12.1%-მდე (საშუალო კვარტლის განმავლობაში). სესხები უცხოურ ვალუტაში 6.6%-დან 7.5%-მდე, ხოლო ლარში 15.6%-დან 15.9%-მდე გაძვირდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის ბოლოსთვის მოკლევადიან სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 13.9% იყო, ხოლო გრძელვადიან სესხებზე 12%. რაც შეეხება კონკრეტულ ვალუტაში სესხების პროცენტებს, ეროვნულ ვალუტაში გაცემულ მოკლევადიან სესხებზე 17.4% და გრძელვადიანზე 15.7%, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულ მოკლევადიანზე — 8.4%, გრძელვადიანზე კი 7.7% შეადგინა.
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 9.46 მლნ ლარით (0.02%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.81%-ით გაიზარდა) და თებერვლის ბოლოს 44.45 მლრდ ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 144.87 მლნ ლარით (0.59%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 154.32 მლნ ლარით (0.77%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.07%-ით).