ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის აშენებას ბიზნესმენი შალვა ბრეუსი გეგმავს. მისი თქმით, მუზეუმი აღჭურვილი იქნება საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საბიბლიოთეკო, საგამომცემლო, საგამოფენო, დასასვენებელ-გასართობი ფუნქციებით და თანამედროვე პარკით.
მუზეუმის მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დაიწყება. პროექტი ხუთი წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარის ინვესტირებას ითვალისწინებს. მშენებლობის დასრულება კი, 2028 წლისთვისაა დაგეგმილი.
„მუზეუმს სჭირდება საგამოფენო სივრცეები, საავადმყოფოს შენობას ეს სივრცეები არ აქვს. ამიტომ ჩვენ უნდა მივუშენოთ დამატებითი კომპლექსები. ისე უნდა ჩავდგათ, რომ ისტორიული სურათი არავითარ შემთხვევაში არ დავარღვიოთ. უნდა აღვადგინოთ ეს ყველაფერი. ეს არის ყველაზე დიდი ამოცანა არქიტექტორებისთვის, რომ ჩადგან თანამედროვე კომპლექსი ამ ისტორიულ კომპლექსში“, – ამბობს ბიზნესმენი.
წყარო: „პირველი არხი“