შაორის ტურისტული-სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებიდან 2 წლის თავზე, სივრცითი მოწყობა ჯერ კიდევ არ დაწყებულა.
შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის საპროექტო საზღვარში სულ განხლულია 995 ნაკვეთი, სადაც რეგისტრირებულია 805 ნაკვეთი. საპროექტო ტერიტორიის 6% ტყის ფონდის მიწებია, ხოლო 47% ნაკვეთებით დაფარული ფართობებია.
როგორც ამბროლაურის მერმა დავით მხეიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, მიუხედავად რეალური ინვესტორების არსებობისა, მომავალ წლამდე მშენებლობის დაწყების მოლოდინი არ აქვთ.
“გარკვეული რეგულაციებიდან გამომდინარე თავად მიწის მესაკუთრეებთანაც შეიქმნა გარკვეული შეფერხებები.
რაც შეეხება ინვესტორებს, დაინტერესება მაღალია, თუმცა ამ ეტაპზე მოკვლევის პროცედურები მიმდინარეობს. ალბათ მომავალი წლიდან დაიწყება მშენებლობა.
ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს შაორს, ყველასთვის ცნობილია აქ აშენებული უნიკალური კავკასიური სოჭის ტყის კორომები, იქვე შაორის მიმდებარედ არის ცნობილი ნიკორწმინდა და ულამაზესი ტაძარი, მახლობლად არის მღვიმეები, ახლად აღმოჩენილი „მურადის“ ხეობა და ძალიან ბევრი საინტერესო ბუნებრივი თუ ისტორიული ძეგლები.“ - განმარტავს დავით მხეიძე.
არსებული დაგეგმარების დოკუმენტის მიხედვით, ზამთრის პერიოდში, შაორის წყალსაცავსა და მის ირგვლივ ტერიტორიაზე შეიძლება: ყინულის მოედნის მოწყობა, ყინულის ქვეშ თევზაობა, სკი-ტური, სარბენი თხილამური, მარხილით გასეირნება, თოვლში სასიარულო თხილამური-ჩოგანი და სხვა.
საქართველოში, და კონკრეტულად რაჭაში, ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციული სპორტული მიმართულებების გარდა, წინა პლანზე წამოწეულია სპელეოტურიზმი, როგორც ამ ადგილთან უპირობო და უპირატესი გარემოება, რომელიც უკავშირდება უნიკალური და სარეკორდო შესაძლებლობების მქონე ნაქერალა-შაორის კირქვულ მასივს, მასზე მიმდინარე კარსტულ პროცესებს და ცნობილ (მათ შორის ახლად აღმოჩენილ) მღვიმეებს. ტურისტულ-სარეკრეაციო ზონაში არსებობს სპელეო-სკოლა და სპეციალური ტურისტული ცენტრი.
ანი ცარციძე