დღეს ვაქცინის იმედად არ უნდა ვიყოთ. აუცილებელია, სასწრაფოდ მოხდეს იმ კონკრეტული ფაქტორების ადაპტირება, რაც ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს, ეს არის ჰოსპიტალიზაცია და გაწერის კრიტერიუმები“, - ამის შესახებ შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციოლოგიის განყოფილების ექიმ-ინტერნისტმა, პულმონოლოგმა, თამარ ჟამურაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია ჩამოყალიბდეს პოსტკოვიდცენტრები, რომლებიც კლინიკიდან გაწერილ პაციენტებს გადაიბარებენ.
„მნიშვნელოვანია, რომ არსებობენ ადამიანები, რომელბმაც კლინიკა დატოვეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი გამოჯანმრთელდნენ და მათ 10-დღიანი მკურნალობა ეყოთ, ამიტომ სასწრაფოდ ჩამოსაყალიბებელია ე.წ. პოსტკოვიდცენტრები, პულმონოლოგის, კარდიოლოგისა და სხვადასხვა სპეციალისტით დაკომპლექტებული, იმისთვის, რომ მათ ეს პაციენტები გადაიბარონ. არის ბევრი პაციენტი, რომელიც ჟანგბადს აღარ საჭიროებს, მაგრამ კლინიკიდან ვერ წერენ, რადგან მას ჰაერის უკმარისობა აქვს“, - განაცხადა თამარ ჟამურაშვილმა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 216 843 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 194 705 შეადგენს. გარდაიცვალა 2276 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
imedinews.ge