დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს შვიდ საათზე გაიმართება სხდომა, სადაც იმსჯელებენ შეჩერდება თუ არა ქვეყანაში ასტრაზენეკას ვაქცინით ვაქცინაცია.
კითხვაზე, სანამ კვლევის შედეგებს მივიღებთ, იგეგმება თუ არა, რომ ქვეყანაში დროებით მაინც შეჩერდეს AstraZeneca-თი ვაქცინაცია, ამირან გამყრელიძე პასუხობს:
შვიდ საათზე იქნება სხდომა სამინისტროში იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტის, სადაც შედიან ჩვენი ცნობილი მეცნიერები და ექიმები, ასევე, იმუნიზაციის ექსპერტთა უსაფრთხოების საბჭოში, NCDC იღებს, რა თქმა უნდა, მონაწილეობას ამ შეხვედრაში და იქ იქნება განხილული და მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის საკითხთან, რომელსაც თქვენ მისვამთ, — განაცხადა მან.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დღეს დაფიქსირდა. მისი განმარტებით, მსოფლიოში ყველაზე სერიოზული გვერდითი რეაქციაა ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ინექციიდან 15-30 წუთში ან ცოტა მოგვიანებით ფიქსირდება.
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. შემთხვევა „იმედის კლინიკაში“ დღეს მოხდა. როგორც ექიმები საუბრობენ, 27 წლის ქალის მდგომარეობა რთულია. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს. კლინიკასთან ამ დროისთვის სამართალდამცველების იმყოფებიან.