შეცვლის თუ არა პანდემია მსოფლიოს? რას ამბობენ ეკონომისტები და ფილოსოფოსები?

შეცვლის თუ არა პანდემია მსოფლიოს? რას ამბობენ ეკონომისტები და ფილოსოფოსები?

access_time2020-04-14 23:30:32

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიამ პიკს ჯერ კიდევ ვერ მიაღწია, თუმცა ეკონომისტები, პოლიტოლოგები და ფილოსოფოსები უკვე ცდილობენ შეიმუშაონ ახალი სამყაროს გარკვეული კონტურები, რომლებიც დაავადებაზე გამარჯვების შემდეგ წარმოიქმნება. სპეციალისტების უმრავლესობა თანხმდება, რომ ფართომასშტაბიანი ცვლილებებია მოსალოდნელი ეკონომიკაში, ბიზნესში, საერთაშორისო ურთიერთობებში, საშინაო პოლიტიკაში, სოციალურ სფეროში, მედიცინასა და ადამიანთა ქცევაში. თუმცა ყველაზე დიდი გაურკვევლობა თავად ეპიდემიასა და მის წინააღმდეგ ბრძოლასთან არის დაკავშირებული. ეს საკითხი ურთიერთსაწინააღმდეგო პროგნოზებს იწვევს: ვიღაცას ახალი, უკეთესი სამყაროსი სჯერა, სხვა კი ადამიანური ცხოვრების გრძელვადიან გაუარესებასა და პოლიტიკური კატაკლიზმებზე საუბრობს. როგორია პოსტპანდემიური პერიოდის ოპტიმისტური და პესიმისტური პროგნოზები? გადაფასდება თუ არა ადამიანური ღირებულებები?

 

 

როგორ შეიძლება პოსტპანდემიურ პროგნოზებზე საუბარი, როდესაც ვირუსი ჯერ კიდევ მძვინვარებს?

დღეისათვის პროგნოზებზე საუბარი ნამდვილად ძალიან რთულია, რადგან ამ ტიპის კრიზისთან შეხება კაცობრიობას ჯერ არ ჰქონია. გაურკვევლობას, პირველ რიგში, თავად ეპიდემია იწვევს. ამის მიზეზია არასაკმარისი ცოდნა ვირუსზე, ინფიცირების დონეზე, გადაცემის გზებსა და ლეტალურობაზე. ეკონომისტები იძულებული არიან, ეპიდემიოლოგების უხეში პროგნოზები გაამრავლონ იმ ეკონომიკურ გაურკვევლობაზე, რომელიც ეპიდემიასთან არის დაკავშირებული. აქვე უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი დასაბუთებული თუ დაუსაბუთებელი ეკონომიკური გათვლა მთელ მსოფლიოში სოციალური ქსელით ვრცელდება. ეს კი ადამიანებში პანიკის შეგრძნებას ზრდის, რაც თავის მხრივ მომხმარებლებსა და კომპანიების ხელმძღვანელების ქცევას გაურკვეველს ხდის. საბოლოოდ, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იძულებული არიან სწორედ ამ უხეშ პროგნოზებზე დაყრდნობით მიიღონ გადაწყვეტილებები, რაც სხვა გაურკვევლობას წარმოქმნის. არავინ იცის, აღნიშნული ზომები სიტუაციას გამოასწორებს თუ პირიქით, გაართულებს. 

 

 

მსოფლიოს უდიდესი საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ის ექსპერტები თავიანთი კვლევების სერიაში წერენ, რომ პოსტპანდემიური მსოფლიოს შესახებ ორი სახის პროგნოზის გაკეთებაა შესაძლებელი:

 

 

-    ოპტიმისტური, რომლის მიხედვითაც მკვეთრ (შესაძლოა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რეკორდული), ვარდნას სწრაფი აღდგენა მოჰყვება.

 

 

-    პესიმისტური, რომლის მიხედვითაც პანდემია მსოფლიო ეკონომიკას რამდენიმე თვით ან კვარტლითაც კი გააჩერებს. ამ თეორიის თანახმად, ახლანდელი მდგომარეობა გადაიზრდება სრულფასოვან ფინანსურ კრიზისში, რომელსაც მასობრივი გაკოტრება, უმუშევრობა და ქვეყნების კეთილდღეობის განადგურება მოჰყვება. ამ ყველაფერს კი თავად მსოფლიო ეკონომიკის სტრუქტურის დარღვევა შეუძლია.

 

რას ნიშნავს უფრო დეტალურად ოპტიმისტური სცენარი?

McKinsey-ის ექსპერტები პანდემიაზე სწრაფი გამარჯვების შედეგებს ასე აყალიბებენ: 

 

 

-    მთავარი პირობა: მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში ეპიდემია დამარცხდება 2-3-თვიანი მკაცრი კარანტინით. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პერიოდი 2020 წლის მეორე კვარტლამდე გაგრძელდება.

 

 

-    ამ შემთხვევაში, მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტლებში ჩინეთი მშპ-ს 3.3% -ს დაკარგავს. ამის შემდეგ ის სწრაფად აღდგება და 2019 წლის შემოდგომაზე არსებულ დონეს დაუბრუნდება. მთლიანობაში, ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ზრდის ტემპის 1%-ზე ნაკლები შემცირება დაფიქსირდება.

 


 

-    აშშ-ში რეცესია გაცილებით მაღალი იქნება. მეორე კვარტალში მშპ 8%-მდე შემცირდება, რადგან აქ ეპიდემიის მასშტაბი გაცილებით ფართოა და ეკონომიკაც უფრო მომხმარებლების მოთხოვნაზეა ორიენტირებული. ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე ძლიერი ვარდნა, როდესაც ეკონომიკის დელმილიტარიზაციამ წარმოების მკვეთრი შემცირება გამოიწვია. ეპიდემიის შემდეგ ქვეყანა სწრაფად აღდგება, 2019 წლის წარმოების დონის მიღწევა კი 2020 წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი. თუმცა მთელი წლის განმავლობაში აშშ-ის ეკონომიკის ზრდა ნულის ტოლი იქნება.

 

 

-    გაცილებით ოპტიმისტური სცენარითაც კი, ევროკავშირი უფრო მეტად დაზარალდება: ეკონომიკა მეორე კვარტალში თითქმის 10% -ს დაკარგავს და სრულად აღდგენას მხოლოდ 2021 წლის დასაწყისში შეძლებს.

 

 

-    მსოფლიო ეკონომიკა, რომელმაც მეორე კვარტალში თითქმის 5% -იანი ვარდნა განიცადა, წლის ბოლოს დასტაბილურდება. ზრდის ტემპი წლის განმავლობაში  1.4% -ით შემცირდება. აღდგენის პროცესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად დაიწყებს ფუნქციონირებას ის საერთაშორისო წარმოების ჯაჭვები, რომლებიც ეპიდემიამ მოშალა. ქვეყნები და რეგიონები, სადაც საკარანტინო ზომები და სხვა შეზღუდვები თავიდანვე დაწესდა, შეიძლება უფრო სწრაფად დაუბრუნდენ ჩვეულ რიტმს, ვიდრე ისინი, ვინც ეკონომიკის შენარჩუნებას ეპიდემიის ჩახშობაზე უარის თქმით ცდილობდნენ. ამ დასკვნამდე მივიდნენ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ექსპერტები, რომლებმაც  1918 წელს ესპანური გრიპის, იმავე „ესპანკას“ ეპიდემიის შემდეგ ქვეყნის სხვადასხვა შტატისა და ქალაქის აღდგენის პროცესი განიხილეს.

 

როგორია პესიმისტური სცენარი?

McKinsey- ის ექსპერტებისა და სხვა ეკონომისტების აზრით, მთელი რიგი პესიმისტური სცენარი არსებობს:

 

 

-    ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით, ეპიდემიის შეჩერების ყველა მცდელობა ჩაფლავდება. შესაბამისად, მთავრობები საწარმოებისა და ბანკების დახმარებას ვეღარ შეძლებენ. ბევრი მათგანი დაიშლება, რაც ვალების კრიზისსა და ლიკვიდობის ნაკლებობას გამოიწვევს. თავის მხრივ, ბანკებისა და კომპანიების ჩამოშლა მთელ გლობალურ ფინანსურ სისტემასა და წარმოებას გაანადგურებს. კრიზისი იქნება ხანგრძლივი და თვეების განმავლობაში გაგრძელდება.

 

 

-    უფრო მსუბუქი და გაცილებით მოსალოდნელი სცენარის მიხედვით, ეპიდემიის მეორე ტალღა აღდგენის პროცესს გაართულებს და გააჭიანურებს. პანდემიის შეჩერება ვერ მოხერხდება და დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობა დაინფიცირდება. თუმცა ამის შემდეგ აღმოჩნდება, რომ მსოფლიო ეკონომიკის მხარდამჭერი უსაფრთხოების ზომები ამოქმედდა, შესაბამისად, მისი სტრუქტურა შენარჩუნდა და აღდგენის პროცესიც დაიწყება.

 

 

McKinsey-ის ექსპერტებმა შეისწავლეს ერთ-ერთი ყველაზე რთული სცენარი, რომლის მიხედვითაც ეპიდემიის მეორე ტალღა ეკონომიკის აღდგენისა და ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დაბრუნების  პროცესს გაართულებს:

 

 

-    ჩინეთი ყველას გაასწრებს, მაგრამ მისი ეკონომიკის აღდგენაც მხოლოდ 2021 წლის შუა პერიოდისთვის მოხერხდება.

 

 

-    აშშ მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ს დაკარგავს, ევროკავშირი კი - 10%-ს. ისინი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2023 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდებიან.

 

 

-    ზოგადად, მსოფლიო (ჩინეთის წარმატების წყალობით) ერთი წლით ადრე ამოისუნთქებს. განვითარებადი ქვეყნები, რომლებმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი მსგავსი კრიზისი გამოიარეს, ახალ სირთულეს უფრო ადვილად გადალახავენ. McKinsey-ის ექსპერტების აზრით, დასავლეთის მოსახლეობა, რომელსაც მსგავსი რამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს, არნახულ შოკს განიცდის. ამას კი შეუძლია თავად მსოფლიოს და რა თქმა უნდა, ადამიანების ქცევის სიღრმისეულად შეცვლა.

 

გამოიწვევს თუ არა პანდემია ადამიანური ღირებულებების გადაფასებას?

McKinsey-ის ექსპერტები თვლიან, რომ თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაიწყება ან კარანტინი კიდევ უფრო გაჭიანურდება, ადამიანთა ქცევა ძალიან შეიცვლება. მაგალითად, ესა თუ ის პირი ფრენას ვერ დაარეგისტრირებს, თუ ინფექციის არარსებობის ან კარგი იმუნიტეტის დამადასტურებელ ცნობას არ წარადგენს. McKinsey-ის ინფორმაციით, ჩინეთის მაღალტექნოლოგიურ ორგანიზაციებში აღნიშნული საბუთის გარეშე მუშაობა შეუძლებელია. შესაძლოა, მოსახლეობა მსგავს „ქცევით პროტოკოლს“ გაგებით მოეკიდოს, რადგან ამის ალტერნატივა მხოლოდ „ლოქდაუნი“ იქნება. 

 

 

თუ კარანტინი გაჭიანურდება, ეკონომიკის სტრუქტურა კი ჩამოშლას დაიწყებს, ამას რთული ეთიკური დილემის გამოწვევა შეუძლია. თანამედროვე სამყაროში ითვლება, რომ მთავარი ღირებულება ადამიანის სიცოცხლეა. ეკონიმისტები იმასაც ამბობენ, რომ ამ ღირებულების შეფასებაც კი არის შესაძლებელი. სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქისა თუ სხვადასხვა ასაკის ადამიანის „სიცოცხლის ფასიც“ განსხვავებულია. თუმცა ასაკოვანი ადამიანების სიცოცხლე, რომელიც ახალგაზრდის სიცოცხლეზე ნაკლები „ღირს“, იმდენად ძვირადღირებულია, რომ მის გაწირვაზე საუბარი ძალიან რთულია.

 

 

თუმცა ეს მორალური და ეკონომიკური თეზისები უკვე ეჭვქვეშ დგას. თუ ეპიდემიის შეჩერება დროზე ვერ მოხერხდება, კარანტინის გამო უმუშევრად დარჩენილი ადამიანების მდგომარეობა და შემდეგ მათი ზეწოლა პოლიტიკოსებზე იქნება ძალიან მძიმე და რთული. აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ სურს, რაც შეიძლება მალე მოხსნას გადაადგილების შეზღუდვები, რათა მოქალაქეები სამსახურს დაუბრუნდნენ.

 

 

ბრიტანული მედია ამტკიცებდა (მინისტრთა კაბინეტი კი მკვეთრად უარყოფდა), რომ დილემა პრემიერმინისტრ ჯონსონის მთავარმა მრჩეველმა დომინიკ ქამინგსმა ჩამოაყალიბა. ამტკიცებდნენ, რომ მან მოქალაქეთა შეზღუდვის დროს განაცხადა: „მთავარია, უმრავლესობა დაავადდეს და ჯგუფური იმუნიტეტი გამოიმუშავოს. თუ ამ დროს პენსიონერების რაღაც რაოდენობა გარდაიცვლება, ძალიან სამწუხაროა“.  დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება საწყის ეტაპზე ნამდვილად თვლიდა, რომ ეკონომიკის გადასარჩენად და მოსახლეობის სწრაფი „იმუნიზაციისთვის“ საჭირო იყო მკაცრი კარანტინისა და სხვა შეზღუდვების დაწესებისგან თავის შეკავება. თუმცა დროთა განმავლობაში ამ იდეაზე უარის თქმა აუცილებელი გახდა, რადგან სამედიცინო სისტემა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. სხვათა შორის, ჯონსონიც და ქამინგსიც კორონავირუსით დაინფიცირდნენ. მედია წერს, რომ ისინი თავს კარგად გრძნობენ.

 

Imedinews.ge


თეგები:
covid19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up