2018 წელს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების შესაძლებლობების შესწავლასა და გამოვლენას. რამდენიმე დღის წინ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა და პროექტის ბედი დღემდე გაურკვეველია.
აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი შეინ როზენტალი „კომერსანტთან“ საუბრისას ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ბანკი პროექტის მხარდამჭერი ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარჩება.
„2018 წლის სექტემბერში, ხელი მოვაწერეთ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს,
რომელიც საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური
ზონის განვითარების შესაძლებლობების შესწავლასა და გამოვლენას ისახავდა მიზნად. ვიდრე
პროექტთან დაკავშირებული გარკვეული საკითხებია მოსაგვარებელი, ჩვენ პროექტის
მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით, რადგან მას როგორც ინტეგრირებული რეგიონული განვითარების პროგრამის მამოძრავებელ ძალას უდიდესი პოტენციალი აქვს დააკავშიროს ცენტრალური აზია საერთაშორისო ბაზრებთან და მეტი ეკონომიკური სარგებელი მისცეს მთელ დასავლეთ საქართველოს. ჩვენ ველოდებით შესაბამის დაინტერესებულ პირებთან მუშაობას, მას შემდეგ რაც მიმდინარე საკითხები მოგვარდება“, — აცხადებს შეინ როზენტალი.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წერილობით 9 იანვარს აცნობა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.
როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში აცხადებდნენ, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, რომელმაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის უფლება მოიპოვა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე, ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულების 7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. მათ შორის, ვერ მოიზიდა 120 მილიონი აშშ დოლარი საკუთარი კაპიტალის შესავსებად, ვერ წარმოადგინა გაფორმებული ხელშეკრულებები - საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე, პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი ინვესტორის მოძიებისა და ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარების მიზნით, დაიწყება პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელი აუცილებელი პროცედურები.
ვრცელ ინტერვიუს შეინ
როზენტალთან „კომერსანტი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ნინო თამაზაშვილი