ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 20,5 კილოგრამი უაქციზო, დაუფასოებელი თუთუნის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.