გახანგრძლივებული შემოწმებების გამო ``„ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული ფული ჯერ კიდევ არ არის გადაცემული უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ამის შესახებ უცხოური მედია წერს,
რუსი ბიზნესმენის, რომან აბრამოვიჩის მიერ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული ფულის - თითქმის 3 მილიარდი დოლარის საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცემა ყოვნდება. ფული უკრაინის ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ფონდში უნდა წასულიყო. თუმცა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას ფონდისთვის თანხების გადარიცხვა ჯერ არ დაუმტკიცებია.
„ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ, უბრალოდ ველოდებით დამტკიცებას. არსებობს მთელი რიგი სირთულეები და შეფერხებები, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანხების გადარიცხვასთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეთანხმებასთან და თავად ბრიტანეთშიც,“- განმარტა ახალი ფონდის ხელმძღვანელმა მაიკ პენროზმა, ბრიტანეთის UNICEF-ის კომიტეტის ყოფილმა უფროსმა.
Bloomberg წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ თანხების გადარიცხვა განხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამას ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს ფინანსური სანქციების განხორციელებაზე პასუხისმგებელი დეპარტამენტი დაამტკიცებს. უწყებას სურს დარწმუნდეს, რომ ფონდი არ იქნება გამოყენებული უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის. „გადამოწმების პროცესს შეიძლება მნიშვნელოვანი დრო დასჭირდეს“ - ხაზს უსვამს Bloomberg-ი.
მანამდე რომან აბრამოვიჩის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანქციების ქვეშ მოქცეულ მილიარდერს არ აქვს წვდომა „ჩელსის“ კლუბის გაყიდვიდან მიღებულ თანხებზე და არ შეუძლია მისი გადარიცხვა ფონდში უკრაინის ომის მსხვერპლთა დასახმარებლად.
აბრამოვიჩმა ჯერ კიდევ გასული წლის მარტში, ომის დაწყებიდან ცოტა ხანში და ლონდონის „ჩელსის“ გაყიდვამდე, გამოაცხადა, რომ სურს კლუბის გაყიდვიდან მიღებული თანხით დაზარალებულებს ჰუმანიტარულ დახმარება გაუწიოს. თუმცა, ვინაიდან აბრამოვიჩი სანქციების ქვეშ იმყოფება, მას ამ ფულზე წვდომა არ მიუღია.
გაზეთი Telegraph ადრე აღნიშნავდა, რომ თუ ეს თანხა გადაირიცხება ფონდში, ეს იქნება ისტორიაში ყველაზე დიდი შემოწირულება ომის მსხვერპლთათვის.