საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ციფრული ლარის საპილოტე პროგრამის ჩაშვებას მომავალი წლიდან გეგმავს. ციფრული ლარის გამოყენება საწყის ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ფარგლებში, საცალო ვაჭრობის ბაზარზე იქნება შესაძლებელი.
ციფრული ლარის პროექტთან დაკავშირებით სებ ათობით სხვადასხვა ტექნოლოგიურ კომპანიას უკვე შეხვდა და შესაძლო ტექნიკური სისტემები განიხილა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახლა მიმდინარეობს შიდა სამუშაოები, რომ ჩამოყალიბდნენ კონკრეტულ ფორმატზე, მასშტაბზე და მიმდინარე წლის ბოლოსთვის უკვე საპილოტე პროექტის ამუშავება შესაძლებელია.
„წელიწადნახევარია ციფრულ ლარზე ვმუშაობთ. გვქონდა ურთიერთობა რამდენიმე სხვადასხვა კომპანიასთან, რომელსაც ამ პროდუქტის დანერგვის ტექნიკური გამოცდილება აქვს და ჩავატარეთ კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით. ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით ერთი მიდგომა და მიმართულება არ არსებობს, აქედან გამომდინარე, გვინდა ვიცოდეთ, რა შესაძლებლობებს ქმნის ის და რომელი იქნება მის დასანერგად ყველაზე მიზანშეწონილი ფორმა. ვფიქრობ, წლის ბოლოსთვის, შემდეგი წლისთვის უკვე შესაძლებელია, რომ ციფრული ლარი პილოტურ რეჟიმში გვქონდეს“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზინდეტმა კობა გვენეტაძემ.
დღეისათვის ჩინეთს, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებს, იაპონიას და ევროპის წამყვან ქვეყნებს აქვთ გამოშვებული ციფრული ვალუტა და ის სატესტო რეჟიმშია. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მსოფლიოში ცენტრალური ბანკების 85% უკვე მუშაობს ციფრულ ვალუტაზე, ზოგიერთი კი კვლევით ეტაპზეა.