შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და უფროსებს მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებებში გადაიყვანენ. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით, დეინტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილია სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფილიალებიდან ბენეფიციართა მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებებში გადაყვანა.
აღნიშნულის აღსასრულებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მცირე ზომის ოჯახური ტიპის საცხოვრისის ფუნქციონირებისათვის გამოაცხადა კონკურსი უძრავ ქონებებზე დუშეთის მუნიციპალიტეტში მისამართებზე: ქ. დუშეთი, მირზა გელოვანის ქ. № 13 (საკადასტრო კოდი №71.51.01.131) და ქ. დუშეთი, გ. მწითურის ქ. №45 (საკადასტრო კოდი №71.51.02.408) სახლების დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა მომსახურებებისთვის იურიდიული პირ(ებ)ის გამოვლენის მიზნით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსის გამარჯვებულად გამოვლინდა ორგანიზაცია ა(ა)იპ „ხელი ხელს“, რომელსაც მომსახურებების ადმინისტრირების მიზნით დროებით სარგებლობაში გადაეცემა ზემოაღნიშნული ქონებები და ამ სახლებში ფუნქციონირებას დაიწყებს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურებები, სადაც განთავსდებიან სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფილიალების ბენეფიციარები.