ქუთაისსა და მესტიას შორის საჰაერო ფრენების რაოდენობის ზრდა იგეგმება. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი განმარტავს შიდა ფრენების შეისყიდვების ტენდერში, რომელიც მალე გამოცხადდება, სავარაუდოდ ახალი მიმართულებებიც იქნება ასახული.
„ახალ მიმართულებებს რაც შეეხება, ჩვენ ვაპირებთ საკმაოდ აქტიურად დავამატოთ ქუთაისი-მესტია, რამეთუ ვხედავთ მგზავრების მხრიდან მოთხოვნას. აქ ძირითადად უცხოელი ტურისტების მოთხოვნაა, რომლებსაც სურთ სასრიალოდ ესტუმრონ ამ საოცარ მხარეს.
ასევე ჩვენი პოლიტიკაა, რომ რაც შეიძლება მეტ რეგიონში იყოს შიდა ფრენები. სულ მალე დავასრულებთ ბაზრის კვლევას. ბაზრის კვლევასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში ვაკეთებთ შესაძლებლობის კვლევას, თუ ქვეყნის რომელ მხარეს შეგვიძლია რომ განვახორციელოთ ეს ფრენები. რასაც ამ თვის მანძილზე საჯაროს გავხდით. შემიძლია დავაანონსო, რომ შესაძლოა რამდენიმე ახალი მიმართულებაც დაემატოს“, - განაცხადა ქარქაშაძემ.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა შიდა ფრენების სტიმულირებისთვის, დაფინანსების პროგრამას რამდენიმე წელია ახორციელებს, რაც თავის მხრივ მგზავრთნაკადზეც აისახება.
ქვეყნის მასშტაბით მგზავრთა საჰაერო გადაყვანისთვის ბიუჯეტიდან თანხებს დღეისათვის ავიაკომპანია AK-Air Georgia იღებს, რომელიც ბოლო წლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ შიდა ფრენების სუბსიდირებაზე გამოცხადებულ ტენდერებში იმარჯვებს.