ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაციამ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში 53 კვების ობიექტი ბიზნესოპერატორად რეგისტრირებული არ არის, მაგრამ სურსათს აწარმოებს და მომხმარებლებს უმასპინძლდება.
ასოციაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოკითხული 500 რესპონდენტიდან 10.60% (53) ბიზნესოპერატორად რეგისტრირებული არ არის. იმ რესპონდენტებიდან, რომლებიც არ არიან ბიზნესოპერატორად რეგისტრირებულები, 43.4% ფიქრობს, რომ არ არის სავალდებულო, 26.4%-ს არასოდეს შეჰქმნია პრობლემა, ხოლო 18.8%-მა მიზეზი არ იცის.
ბიზნესოპერატორი ვალდებულია დარეგისტრირდეს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. რეგისტრაციამდე უჩერდება საქმიანობა და ჯარიმდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კოდექსის მუხლი 65, ნაწილი 1-ის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის №722 დადგენილების მუხლი 2-ის თანახმად, აკრძალულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოება ან და გადამუშავება ბიზნესოპერატორის აღიარების ან პირობითი აღიარების გარეშე. ამ წესით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება:
ა) ოჯახური წარმოების სუბიექტზე;
ბ) იმ ბიზნესოპერატორზე, რომელიც ახორციელებს პირველად წარმოებას.