„მწვანე ბარათი“ იყო რეგულაცია, რომელიც იყო უმნიშვნელოვანესი. ყოველთვის, იდეიდან დაწყებული მხარს ვუჭერდი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რომ „მწვანე პასპორტი“ მხოლოდ ფურცელზე დაწერილი აღმოჩნდა. ის, რასაც უნდა მოეტანა სიკეთე და ადამიანებისთვის იმუნიზაციისკენ ბიძგი მიეცა, პირიქით მოხდა, - ასე ეხმაურება „მწვანე ბარათის“ გაუქმების საკითხს „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, შოთა ბურჯანაძე.
ბურჯანაძის თქმით, ვირუსის გავრცელება იმდენად დიდია, რომ ამას ვეღარაფერი აკავებს.
„ძალიან შეშფოთებული ვარ, გუშინდელი რეაქცია რაც იყო საზოგადოების მხრიდან. სხვადასხვა ეთერში ადამიანები ისხდნენ და ზოგიერთი ომში გამარჯვებას ზეიმობდა „მწვანე პასპორტების“ გაუქმებასთან დაკავშირებით. რატომ უნდა იზეიმო ან რატომ უნდა დამარცხდე, როდესაც საუბარი არის ერთ-ერთი რეგულაციის გაუქმებაზე. რეგულაცია, რომელიც ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი იყო და მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ ის ფაქტი, რომ „მწვანე პასპორტი“ მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე დაწერილი აღმოჩნდა. ის, რასაც უნდა მოეტანა სიკეთე და ადამიანებისთვის იმუნიზაციისკენ ბიძგი მიეცა, პირიქით მოხდა. დღეს რა პრობლემის წინაშეც ვდგავართ ის კი არ არის, რეგულაცია გამკაცრდეს ან „მწვანე პასპორტი“ იყოს, ჩვენი დღევანდელი პრობლემა არის ის, რომ იმუნიზაციის პროცესი არის ძალიან დაბალ დონეზე. ეს არის მნიშვნელოვანი, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და არა ის, რომ გამარჯვებულის ან დამარცხებულის დროშები გვეჭიროს. „მწვანე პასპორტის“ არსებობა ან გაუქმება დღეს ჩვენი სფეროსთვის მნიშვნელობას აღარ წარმოადგენს, იმიტომ, რომ ის არ ქმნის უსაფრთხო ზონას. „მწვანე პასპორტი“ რესტორნისთვის კი არ უნდა შექმნილიყო მხოლოდ, ეს უნდა ყოფილიყო უფრო ფართოდ, სხვადასხვა სფეროსთვის, მაგალითად, სალონებისთვის, მოლებისთვის და ა.შ. “, - განაცხადა ბურჯანაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციაზე.
BPN.GE