„რესტორატორთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე „მწვანე პასპორტების“ გაუქმების მოთხოვნას არ იზიარებს. მისი განცხადებით, სარესტორნო ბიზნესს პრობლემას არა „მწვანე პასპორტები“, არამედ მოქმედი რეგულაციები უქმნის.
„წარმოუდგენელია, რომ დღეს სარესტორნო ბიზნესის მხრიდან საუბარი იყოს „მწვანე პასპორტების“ გაუქმებაზე. ეს შედეგს ვერ მოიტანს. პრობლემები, რომელიც ამ ბიზნესს აქვს, „მწვანე პასპორტებში“ კი არა, აკრძალვებშია, რომელიც რეგულაციებიდან გამომდინარეობს. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ იმ შეზღუდვების გაუქმება, რომელიც ივენთების, ქორწილებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას ეხება. ე.წ. მწვანე ზონის სტატუსით რესტორანს ღონისძიებების ჩატარება უნდა შეეძლოს. ეს იქნება გამოსავალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს არსებული მდგომარეობა ვერ გამოსწორდება“,- უთხრა „ბიზნეს ფორმულას“ შოთა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, რესტორნების ნაწილი „მწვანე პასპორტების“ გაუქმებას ითხოვს. ქვეყანაში „მწვანე პასპორტები“ 1 დეკემბრიდან ამოქმედდა.
businessformula.ge