შოვი იქნება პირველი მსოფლიო დონის კურორტი საქართველოში, რომლის განვითარების ყველა ეტაპი წინასწარ არის გაწერილი და მთლიანი განაშენიანება ერთიან კონცეფციას დაეფუძნება, ასეთია საქართველოს მთავრობის გეგმა, რომელსაც ყაზახ ინვესტორთან ერთად ათანხმებს. ამ კურორტის მშენებლობასა და განვითარებაში ყაზახი ინვესტორი 50 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმას. შოვში 130-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრია“ უზრუნველყოფს.
შოვის განაშენიანებაზე ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროს ექსპერტები მუშაობენ. პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე შედგა. 27 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროს ექსპერტების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „შოვის კურორტის განვითარება და განაშენიანება“. წარადგინეს „შოვის მთის კურორტის“ პროექტი. განიხილეს არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
შეხვედრის მიზანს პროექტის მასშტაბურობის, უნიკალურობისა და საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და მხარდაჭერა წარმოადგენდა, რაც შოვის ტურისტული შესაძლებლობების სრულად ათვისებასა და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. საკითხზე კიდევ ერთი შეხვედრაა ჩანიშნული.
ცნობისთვის, რაჭაში სასტუმრო “სანსეტ შოვი“ დაიხურა. ადგილობრივების ინფორმაციით, ევროსტანდარტების მქონე სასტუმროს მიმდინარე წლის ზაფხულშიც არ უმუშავია. რეალურად, რატომ აღარ იღებს რეგიონში ერთადერთი მაღალი კლასის სასტუმრო სტუმრებს, ამის გასარკვევად „ბიზნესპარტნიორმა“ „სანსეტ შოვის“ ადმინისტრაციას მიმართა, თუმცა, უშედეგოდ.
ონის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი დავით ჩიკვაიძე ადასტურებდა, რომ „სანსეტ შოვი“ ამ დროისთვის არ მუშაობს, მიზეზი კი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია. რაც შეეხება იმას, თუ როდის განაახლებს ევროსტანდარტების მქონე სასტუმრო ფუნქციონირებას, ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტის მერს არ ჰქონდა.
„ეს სასტუმრო რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, მაინც კერძო საკუთრებაა და ჩვენ არ გვითანხმებენ არც სეზონის დაწყებას, არც გახსნას ან დახურვას.
ჩემი ინფორმაციით, მიდის „სანსეტ შოვის“ მეორე კორპუსის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ჩემი ვარაუდია, რომ შესაძლოა ამის გამო ჩათვალეს, რომ დროებით დაიხურონ, დაასრულონ სარემონტო სამუშოები და შემდეგ გაიხსნან. ზოგადად, ეს სასტუმრო სეზონურად იღებდა დამსვენებელს და მაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის ზაფხულშიც იმუშავეს, თუმცა, რესტორნის გარეშე. ოქტომბერ-ნოემბერში სასტუმრო ისედაც იხურებოდა ხოლმე,“ - აცხადებს ჩიკვაიძე.
სასტუმრო სანსეტ შოვი პირველი ევროსტანდარტების შესაფერისი სასტუმროა, რომელიც სტუმრებს 2013 წლის ივნისიდან მასპინძლობდა.