შრი-ლანკა 28 მაისიდან რუსული ნავთობის პირველ პარტიას მიიღებს. ბიზნესი ნედლეულით საწვავს აწარმოებს, რადგან დეფოლტის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში ნავთობპროდუქტების დეფიციტია. ამის შესახებ Bloomberg -თან ინტერვიუში ნავთობკომპანია Ceylon Petroleum-ის ხელმძღვანელმა განაცხადა.
მისი თქმით, მსუბუქი ციმბირული ნავთობი საპუგასკანდას ქარხანაში გადამუშავდება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადაიხდის შრი-ლანკა მიწოდების საფასურს. შრი-ლანკა ერთ-ერთი უკანასკნელი აზიური ქვეყანაა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იაფი რუსული ნავთობის შესყიდვაზე თანხმობა განაცხადა.
აპრილში შრი-ლანკის ფინანსთა სამინისტრომ შეაჩერა საგარეო ვალის გადახდა და ინვესტორები დეფოლტის შესახებ გააფრთხილა. ამან ქვეყანაში უმძიმესი ფინანსური კრიზისი და საკვებისა და ნავთობის დეფიციტი გამოიწვია.
როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი. ევროკომისია რუსული ნავთობის ემბარგოს დაწესებას განიხილავს.
შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
წყარო: europetime.eu