„პირველ კვარტალში ეკონომიკის მიმართულებით გამოწვევების სიმძაფრე შემცირებულია, რაც გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდება, თუმცა სიმწვავემ მოიმატა შრომით ბაზართან დაკავშირებით“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მთავარმა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ ისაუბრა. მისი თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როდესაც პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა, ბიზნესისთვის მძაფრი პრობლემა კვალიფიციური კადრების ნაკლებობა გახდა.
„ქვეყანაში, შრომის ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებასთან დაკავშირდებით პრობლემა ნამდვილად არსებობს. სხვადასხვა სექტორებს რომ შევხედოთ, IT სექტორში საშუალი ხელფასი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ამ ადამიანებზე მსოფლიოს მასშტაბით მოთხოვნა გაზრდილია, მათ შორის ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ ფიზიკურად იყვნენ საქართველოში და სხვა ქვეყნებს მიაწოდონ მომსახურება, შესაბამისად მათ მომსახურებაზე მოთხოვნა გაიზარდა, რამაც სექტორში ხელფასის ზრდა განაპირობა, თუმცა არის რიგი სექტორები, იგივე სოფლის მეურნეობა, სადაც დროთა განმავლობაში პროდუქტიულობა არ იცვლება და ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.
პაპავას თქმით, ევროპის ბაზარზე წვდომა ქართული ბიზნესისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რადგან ევროპის ბაზარი განსხვავებით რუსეთის და სხვა ქვეყნების ბაზრისგან მაღალგადამხდელუნარიანი მომხმარებლით არის გამორჩეული.
„ეს საქართველოსთვის, იგივე ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი მსყიდველუნარიანობაც გაიზარდოს და მაღალხარისხიანი პროდუქცია შევიძინოთ.
რაც შეეხება რეგულაციებს, რომელიც უნდა დავაკმაყოფილოთ იმისთვის, რომ ევროპის ბაზრებზე მოვახდინოთ ინტეგრაცია, ეს ბიზნესისთვის დამატებითი ხარჯია, რაც პროდუქციას მომხმარებელსაც უძვირებს. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო იყოს თანმიმდევრული და პროგნოზირებადი რეგულაციების მიღებაში და ბიზნესმა იცოდეს, თუ რა რეგულაციას უნდა ელოდოს“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.
თაკო კვაჭანტირაძე