დღეისათვის უწყვეტი ვაჭრობის დიდი საჭიროებაა აზიასა და ევროპას, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, - ამის შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გენერალურმა მდივანმა კუნიო მიკურიამ ბაქოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის სატრანზიტო-საბაჟო პროცედურების გამარტივების პროექტი განიხილებოდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
კუნიო მიკურიას თქმით, ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება შესაძლებელია შუა დერეფნით (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი): „რადგან შუა დერეფანი აზიას ევროპასთან აკავშირებს. ამიტომ ამ დერეფანს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ვაჭრობის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის ამ რეგიონებში ინვესტიციების კუთხით, რაც გამოიწვევს მათ ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობას“.
შეგახსენებთ, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მონაწილეობით. შემდგომ პროექტს შეუერთდნენ უკრაინა, რუმინეთი და პოლონეთი. ამჟამად მარშრუტი ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან გადის ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპისკენ.