შვედეთში უდიდესი და თან იშვიათი მეტალის საბადო აღმოაჩინეს, რომელიც ბევრი მნიშვნელოვანი პროდუქტის, მათ შორის მობილური ტელეფონებისა და რაკეტების წარმოებაში გამოიყენება.
ამ ეტაპზე ევროპაში აღნიშნული ნედლეული არ მოიპოვება და ევროკავშირში მისი 98% ჩინეთიდან შემოდის.
ცნობილია, რომ მილიონ ტონაზე მეტი იშვიათი მეტალია აღმოაჩინეს შვედეთის შორეულ ჩრდილოეთში, რომელსაც „იშვიათ მიწას“ უწოდებენ. ის 17 ელემენტს აერთიანებს, რომლებიც მთელი რიგი პროდუქტებისა და ინფრასტრუქტურის შესაქმნელად გამოიყენება. ესენია: მობილური ტელეფონები, მყარი დისკები, მატარებლები და ა.შ. ეს ელემენტები ასევე მნიშვნელოვანია მწვანე ტექნოლოგიებისთვის, ქარის ტურბინებისა და ელექტრომანქანებისთვის, ასევე, სამხედრო აღჭურვილობისთვის, რაკეტების მართვის სისტემები და სხვა
ელექტრომობილებზე და ქარის ტურბინებზე გლობალური მოთხოვნის მოსალოდნელი ზრდის გათვალისწინებით, აღმოჩენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად შეაფასეს მწვანე ენერგიაზე გადასვლის თვალსაზრისით.
მაგრამ ამ მეტალის მოპოვება რთული და პოტენციურად საზიანოა გარემოსთვის. ამასთან, მოსალოდნელია, რომ მასზე მოთხოვნა 2030 წლისთვის ხუთჯერ გაიზრდება.
„ლითუმი და „იშვიათი მიწები“ მალე უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე ნავთობი და გაზი“, - განაცხადა ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისარმა ტიერი ბრეტონმა.
პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას შვედეთის ენერგეტიკის მინისტრმა ება ბუშმა თქვა, რომ ევროკავშირი ამ მასალით ზედმეტად არის დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე. მისი თქმით, ევროკავშირის ელექტრიფიკაცია და რუსეთისა და ჩინეთისგან დამოუკიდებლობა ამ მაღაროდან დაიწყება.
ახლად აღმოჩენილი ნედლეული ბაზარზე შესაძლოა 10-15 წელი ვერ მოხვდეს, -განაცხადა LKAB მაინინგ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა იან მოსტრომმა, რადგან მოპოვებისა და რეალიზაციის ნებართვის პროცესს, გარემოსდაცვითი რისკის შეფასების გამო, დრო სჭირდება.