მაშინ როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოს კოვიდრეგულაციებით დამდგარი ეკონომიკური ზარალი ჯერ ბოლომდე აღმოფხვრილი არ ჰქონდა. ახლა კი ომისა და სანქციების გამო პლანეტას ისევ სიღარიბის ზრდა და შიმშილი ემუქრება. ამ საფრთხის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებზე და ანალიტიკოსების კვლევებზე დაყრდნობით დასავლური მედია იუწყება.
ტერიტორიით რუსეთი მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფოა, უკრაინა კი ევროპაში. ამ ორ ქვეყანაზე ხორბლის ექსპორტის 30% მოდის. ახლა ამ ექსპორტს საფრთხე ემუქრება. სხვა ქვეყნებმა რომც გაზარდონ ნათესი ფართობი დეფიციტს ბოლომდე ვერ შეავსებენ.
გამოცემა ინსაიდერის პროგნოზით უკრაინელთა 70%-ს შესაძლოა სურსათით უზრუნველყოფის პრობლემა შეექმნას. Financial Times კი წერს, რომ რუსული ენერგორესურსების სრული ემბარგო მხოლოდ გერმანიაში 400 000 სამუშაო ადგილს გააქრობს.
მსოფლიო ბანკის კვლევით მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკა 11%-ით, უკრაინის კი 45%-ით შემცირდება. ომამდე ორივე ქვეყანას ზრდა უნდა ჰქონოდა. რეგიონის სხვა ქვეყნებში რეცესია მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ზრდის ტემპი 3 თვით ადრე გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით თითქმის ყველგან შემცირებულია. მაგალითად თუ საქართველოში ზრდა 5.5% უნდა ყოფილიყო ახლა 2.5% იქნება. კვლევა არსებულ არსებული მდგომარეობის ანალიზს ეფუძნება და მასში რუსული ენერგორესურსების შესაძლო ემბარგო გათვალისწინებული არ არის.
ცალკეული გამონაკლისების მიუხედავად, პანდემიამდე გლობალური სიღარიბე მცირდებოდა და 2019 წელს 10%-იან ზღვარსაც ჩამოსცდა. კოვიდრეგულაციებმა სიღარიბე ისევ გაზარდა. 2021 წელს აღდგენა დაიწყო, რაც 2022 წელსაც უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ მოსკოვის აგრესიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.