„სილქ როუდ ბანკმა“ სახელწოდება შეიცვალა.
მიმდინარე წლის 30 აგვისტოს ჩატარებულ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე აქციონერებმა ბანკის საფირმო სახელწოდების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. კენჭისყრის შედეგების შესაბამისად შეიცვალა არსებული სახელწოდება და ახალ დასახელებად განისაზღვრა სს „სილქ ბანკი“.
„კრების თავჯდომარემ აქციონერებს განუმარტა, რომ ბანკის განვითარების სამომავლო სტრატეგიიდან გამომდინარე ბანკში მიმდინარეობს ახალი ბიზნეს პროცესები, რომლის მიზანია მომხმარებლებს ბანკმა შესთავაზოს უფრო დიდი სპექტრით და მოცულობით თანამედროვე და ფართო საბანკო მომსახურება, მეტი დიჯიტალიზაციის საშუალებით. ახალი ბიზნეს პროცესების დაწყებამდე მარკეტინგული თვალსაზრისით შემოთავაზებულია ეს სიახლეები მიეწოდოს მომხმარებელს ბანკის ახალი საფირმო სახელწოდებით და ამ სახელწოდებით გაიზარდოს ბანკის ცნობადობა“, — ნათქვამია კრების ოქმში.
სს „სილქ ბანკის“ აქციების 61.7639% „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს (მალტა) ლიმიტედი“ ფლობს. ბენეფიციარი აქციონერები არიან: გიორგი რამიშვილი, დევიდ ფრანც ბორგერი და ალექსი თოფურია. აქციების პაკეტის 38.23%-ს შპს „პარტომტას“ მფლობელი ერკინ ტატიშევი ფლობს.