სივრცითი და არქიტექტურული ნორმების კანონდარღვევისთვის დაწესებული ჯარიმების გაუქმება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” შედის.
კანონში აღნიშნულია, რომ ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც დაეკისრა პასუხისმგებლობა სამშენებლო დარღვევისთვის, რაც გამოიხატა ამ სუბიექტის მიერ საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე დროებითი შენობა-ნაგებობის-ჯიხურის მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის გარეშე განთავსებაში და ჯარიმის/საურავის თანხა არ აქვს გადახდილი, ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, გათავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ანდა მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისგან, ხოლო ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომლის მიერ ჩადენილია სამართალდარღვევა, თუმცა მის მიმართ არ არის დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან დაწყებულია, მაგრამ არ არის გამოტანილი დადგენილება, გათავისუფლდება ამ კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობისგან.
ამის გარდა, ცვლილებებით, იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომელსაც დაეკისრა პასუხისმგებლობა და ჯარიმის/საურავის თანხა არ აქვს გადახდილი, ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, ძალადაკარგულად გამოცხადდება დადგენილება ჯარიმის ან საურავის დაკისრების თაობაზე.
ინიციატორები კანონპროექტის მომზადების მიზეზად პანდემიის პირობებში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პირები ორიენტირებულები აღმოჩნდნენ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლასა და სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვაზე, რამაც რიგ შემთხვევაში გამოიწვია გარკვეული გადაცდომები ადმინისტრაციული წარმოების ვადებთან დაკავშირებით. ინიციატორები განმარტავენ, რომ კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან დაკისრებული ჯარიმები და საურავები დაახლოებით 300 ათასს ლარს შეადგენს.
კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი და ირაკლი ზარქუა არიან. ცვლილებების განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმება.
imedinews.ge