რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რამდენიმე ავტომწარმოებლის მობილური სერვისის აპლიკაციებმა მუშაობა შეწყვიტა - კერძოდ, აღარ მუშაობს Skoda, Kia, Infiniti და Nissan-ის აპლიკაციები.
ამის შესახებ რუსული პროკრემლისტური სააგენტო TASS სადილერო კომოანია „ავტოსპეცცენტრზე“ დაყრდნობით წერს.
ეს არის აპლიკაციები, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, საშუალებას იძლევა რომ ავტომფლობელმა დისტანციურად ჩართოს ძრავა, თვალყური ადევნოს მანქანის მდებარეობას და აკონტროლოს მისი ტექნიკური მდგომარეობა.
„ავტოსპეცცენტრის“ ცნობით, კომპანიებმა დაგზავნეს შეტყობინებები სერვისების მოახლოებული გამორთვის შესახებ.
რუსეთში ასევე ხელმისაწვდომი არაა, Porsche-ს სერვისის აპლიკაცია, ის 2022 წლის ზაფხულში გაუქმდა. შეფერხებები აქვს Land Rover-ისა და Jaguar-ის აპლიკაციებსაც.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბევრმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა რუსული ბაზარი ან გამოაცხადა სამუშაოს შეჩერება განუსაზღვრელი ვადით. ამ კომპანიებს შორის იყვნენ ავტომწარმოებლები, რომლებმაც ან დახურეს თავიანთი ქარხნები რუსეთში, ან ნომინალურ ფასად გაყიდეს წარმოება.