უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines საქართველოდან უკრაინის მიმართულებით ფრენებს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ავიაკომპანიის წარმომადგენლობაში განუცხადეს, SkyUp კვირის განმავლობაში ბათუმიდან კიევის მიმართულებით ორ, ხოლო თბილისიდან შვიდ რეისს ასრულებს და ამ ეტაპზე, ფრენების განრიგში ცვლილება არ იგეგმება.
საქართველოში SkyUp-ის წარმომადგენლის ამირან აბესაძის განმარტებით, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მიმართულებაზე გაზრდილი რისკის გამო თვითმფრინავები საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების მიერ აღარ იქნება დაზღვეული, უკრაინის მთავრობამ ავიაკომპანიებისათვის დამატებით ფინანსური გარანტიების გაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
„თუ ადრე ავიაკომპანიები უხდიდნენ გარკვეულ თანხას ყველა შესრულებულ რეისზე სადაზღვევო კომპანიებს, ეს თანხა გაიზრდება. ამ ყველაფერს აკომპენსირებს უკრაინის მთავრობა. ერთგვარი სუბსიდია გამოუყო მთავრობამ თვითმფრინავების მფლობელებს“,- განაცხადა ამირან აბესაძემ.
შეგახსენებთ, Украинская правда-ს ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო სივრცეში მოძრავი თვითმფრინავები 14 თებერვლიდან საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების მიერ აღარ იქნება დაზღვეული, რაც ფრენების გაჩერებას ან გაუქმებას გამოიწვევს. ამასთან, ზოგიერთი ავიაკომპანია გაძლიერებული შიშის ფონზე, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გარდაუვალია, ქვეყნისკენ ფრენებს აუქმებს.
წყარო: businessformula.ge