სლოვაკეთის პარლამენტმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად, ხოლო რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Aktuality ავრცელებს.
გამოცემის ცნობით ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციაში სლოვაკმა დეპუტატებმა დაგმეს რუსეთის თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო პირების, სამოქალაქო ობიექტებისა და საკვანძო ენერგეტიკული სტრუქტურების წინააღმდეგ.
გარდა ამისა, პოლიტიკოსებმა დაგმეს მოსკოვის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. ასევე, სლოვაკეთმა უარი თქვა რუსეთის რეფერენდუმის აღიარებაზე დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ტერიტორიები უკრაინის ნაწილია.
მიღებული რეზოლუცია მხარს უჭერს სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უკრაინაში რუსული დანაშაულების გამოსაძიებლად და გმობს რუსეთის ჰიბრიდულ ომს სლოვაკეთის წინააღმდეგ.
რეზოლუციას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 12 დეპუტატი, 7-მა ხმა არ მისცა, 23-მა კი თავი შეიკავა.