აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) ბაქო–ნოვოროსიისკის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას წყვეტს. ამის შესახებ სააგენტო როიტერს კომპანიიდან კონფიდენციურმა წყარომ აცნობა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბაქო–ნოვოროსიისკის მილსადენით მაისში გასატარებელ მოცულობებს ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენზე გადაამისამართებს.
ამ გადაწყვეტილების კიდევ ერთი საფუძველი შეიძლება იყოს ნავთობის გართულებული რეალიზაცია ნოვოროსიისკის პორტიდან. ტრეიდერები რუსული ნავთობისგან თავს შორს იჭერენ, ვინაიდან საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიები უარს ამბობენ რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერების დაზღვევაზე, საერთაშორისო სანქციების გამო.
ზოგადად, ნოვოროსიისკის პორტში აზერბაიჯანული ნავთობი რუსულ Urals-ში ერევა. იმის გამო, რომ Urals–ის მარკის ნავთობი, რომელიც აზერბაიჯანულშია გაზავებული, თითქმის $30–ით ნაკლებ ფასში იყიდება საბაზროსთან შედარებით, SOCAR–ს ამ მიმართულებით თავისი ნავთობის თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასში უწევს გაყიდვა.
აღსანიშნავია, რომ ნოვოროსიისკის პორტში შტორმის გამო ტერმინალის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, რაც 22 მარტს მოხდა, ამ მიმართულებაზე მნიშვნელოვნად შემცირდა ყაზახური ნავთობის მიწოდებაც.
დასავლური წყაროები კი საპირისპიროს ამტკიცებენ – 22 მარტს შავ ზღვაზე კარგი ამინდი იყო და რუსებმა შეგნებულად დააზიანეს ტერმინალი, რათა ყაზახური ნავთობი არ მოხვედრილიყო ევროპის ბაზარზე, რაც დასავლეთს რუსულ ნავთობზე უარის თქმას გაუადვილებდა.
ამ გარემოების გამო ყაზახეთს ორ უმსხვილეს საბადოზე ნავთობმოპოვების შემცირება მოუწია.