სოციალური მომსახურების სააგენტოს მშრომელთა გაფიცვა და კოლექტიური ბრძოლა მოლაპარაკებით დასრულდა. ამის შესახებ "კომერსანტს" ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირებში განუცხადეს.
მათი შეფასებით, ეს არის მხოლოდ პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი! სოციალური აგენტები, სპეციალისტები, იურისტები - ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს არც იცნობებდნენ, ერთად იბრძოლეს, ერთად დაიწყეს „სოლიდარობის ქსელის პროფკავშირში" ერთმანეთისვე გაძლიერება და თავდადებით მიაღწიეს პირველ მოგებას.
ვასრულებთ გაფიცვას შემდეგი პირობებით:
- 15 წელზე მეტია სააგენტოში ხელფასები არ გაზრდილა და ჩვენ მივიღეთ ხელფასების 40%-60%-ით მატება;
- მივიღეთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ბავშვის გაჩენის შემდეგ ყოველ თვე მშობელი მიიღებს იგივე ხელფასს, როგორც მუშაობისას;
- გაფიცულებს აუნაზღაურდებათ გაფიცული სამუშაო დრო;
- სოც. აგენტები და უფროსი სოც. აგენტები იქნებიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტით;
- გაუქმდება ერთთვიანი ხელშეკრულებები და ყველა დასაქმებულთან დაიდება ერთწლიანი ხელშეკრულებები;
- შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის;
- უმჯობესდება დანამატის წესი და მოიხსნება 15 დღიანი ლიმიტი;
ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენი პროფკავშირული კოლექტიური ბრძოლა გრძელდება!" - აცხადებენ ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირებში.