სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თვიდან თვემდე იკლებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის იანვარში საარსებო შემწეობის მიმღები ადამიანების რაოდენობა 442 112 იყო. ეს რიცხვი 2019 წლის დეკემბერში 14 739 ადამიანით შემცირდა და 422 970 შეადგინა. საარსებო შემწეობას საშუალოდ ქვეყნის მოსახლეობის 12 პროცენტი იღებს.
როგორც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი აცხადებს, სოციალური დაცვის არსებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს სოციალურ სიდუხჭირეში მყოფი ადამიანების რეალურ გაძლიერებას და მათ მხარდაჭერას, დაძლიონ სიღარიბე და სოციალური მოწყვლადობა. მისი განმარტებით, არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ სოციალური უზრუნველყოფის საბიუჯეტო წილის ყოველწლიური ზრდის მიუხედავად, მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის უცვლელი რჩება.
„სიღარიბე და სოციალური უთანასწორობა ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს. ერთის მხრივ, ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანაში აწარმოებს სიღარიბეს, წარმოქმნის ეკონომიკური უთანასწორობის იმ მასშტაბებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას სიღარიბისთვის და დაუცველობისთვის სწირავს. მეორეს მხრივ, სახელმწიფოს არ აქვს სოციალური დაცვის სისტემა, რომლითაც დაბალანსებდა ამ მდგომარეობას, ღარიბ მოსახლეობას დაეხმარებოდა და გააძლიერებდა. სოციალური დაცვის სისტემა არ არის მხოლოდ ფულის გადაცემა ღარიბებისთვის, ეს არის კომპლექსური პაკეტი, რომლითაც ადამიანმა და სიღარიბეს თავი უნდა დააღწიოს. იქნება ეს დასაქმების სერვისები, გადამზადების სერვისები თუ ბევრი სხვა სერვისი, რომლშიც ის იქნება ჩართული“, - განაცხადა კოტე ერისთავმა.
როგორც ცენტრის“ (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი ამბობს, ქვეყანას არ გააჩნია ხედვა და პოლიტიკა თუ როგორ უპასუხებს სოციალურად მოწყვლად პირთა საჭიროებებს. მისი განმარტებით, სოციალური დაცვის პოლიტიკა არაადეკვატური და სუსტია. როგორც კოტე ერისთავი აცხადებს, არსებული პროგრამებით ტკივილის გაყუჩებას ახდენს და პრობლემას მცირე დროით აგვარებს.
„დღეს რეალურად სახელმწიფო გვევლინება, როგორც ქველმოქმედი. მუნიციპალიტეტები არიან საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც თანხას უბრალოდ გასცემენ ყოველგვარი მხარდამჭერი სერვისების გარეშე, რომელიც ადგილზე უნდა ჰქონდეთ, რათა სოციალურად დაუცველი ადამიანები საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩაერთონ. პროგრამები არ არის დაფუძნებული სოციალურად მოწყვლად პირთა საჭიროებების კვლევაზე, შესაბამისად, მათი ეფექტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ჩვენს რასაც ვხედავთ არის ის, რომ იზრდება სოციალიური ხარჯები და სიღარიბის რიცხოვნობა არ მცირდება. ეს მეტყველებს სახელმწიფოს არასწორ მიდგომაში, ფრაგმენტული პოლიტიკით ცდილობს ადამიანი წლიდან წლამდე გადარჩენას. ეს არის პრობლემის მიმალვის და მიყუჩების პოლიტიკა და არა ადამიანის სიღარიბის დაძლევის პოლიტიკა“, - აცხადებს კოტე ერისთავი.
კოტე ერისთავი ამბობს, რომ ბაღდათში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგედია ცხადად აჩვენებს სიღარიბის დამანგრეველ შედეგებს, რომელსაც არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა ქმნის.
ეს არის სისტემური პრობლემა, მთელი სოციალური პოლიტიკა უნდა გავიაზროთ. მთავრი პოლიტიკის საკითხი უნდა იყოს ეს თემა და პოლიტიკოსები დღე და ღამე ამაზე უნდა საუბრობდნენ. ტრაგედიის შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ განცხადებას არ გააკეთებდნენ, რადგან ტრაგედია რომელიც ათწლეულები თან გვდევს, პოლიტიკის ნაწილად არ მიაჩნიათ. ეს მაშინ, როცა მომხდარი სწორედ ხარვეზიანი პოლიტიკის შედეგია.
EMC მომხდარზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს და მთლიანად საზოგადოებას აკისრებს, რამდენადაც ქვეყანაში არსებული უმწვავესი პრობლემების არდანახვას, სახელმწიფოს უმოქმედობასა და საზოგადოების გულგრილობას ლეტალურ შედეგებამდე მივყავართ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს მოუწოდებს:
- დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმირება იმგვარად, რომელიც სამართლიანად გადაანაწილებს სახელმწიფოს ფინანსურ და სხვა ტიპის რესურსებს მოწყვლად ჯგუფებს შორის, მიზნად დაისახავს მათი სიღარიბიდან ამოყვანას და მაქსიმალურად იქნება მათ საჭიროებებზე ორიენტირებული.
- უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ უსახლკარო შინამეურნეოებების (მათ შორის, სახელმწიფო და კერძო ობიექტებში თვითდახმარების მიზნით შესახლებული პირების) საჭიროებებისა და საცხოვრებელი გარემოს შეფასება, რომლის შედეგადაც მოხდება მათი დაკმაყოფილება უსაფრთხო და სათანადო საცხოვრისისა და სხვადასხვა მხარდამჭერი სერვისით;
- უმოკლეს ვადაში შექმნან სხვადასხვა უსახლკარო ჯგუფის აღრიცხვისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მეთოდოლოგია, რომელიც ერთგვაროვანი იქნება ყველა მუნიციპალიტეტისთვის და გამორიცხავს რომელიმე მოწყვლადი ჯგუფის გაქრობას სახელმწიფოს ხედვის არეალიდან;
- შექმნან უსახლკარობის პრევენციისა და რეაგირების ეფექტიანი პოლიტიკა (მათ შორის, სერვისები), რომელიც იქნება სოციალურად მოწყვლადი პირების საჭიროებებზე დაფუძნებული, გრძელვადიანი და მიზნად მათი ამგვარი მდგომარეობიდან ამოყვანას დაისახავს.
ბაჩო ადამია