სოფელ დიღომში მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება. პროექტი თბილისის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია. სახელმწიფო უწყების ვებ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ რომ 12 სართულიან მრავალფუნქციურ კომპლექსს მიხეილ დუგლაძე აშენებს. საპროექტო ტერიტორია 2046 კვ.მ შეადგენს. პროექტი ითვალისწინებს როგორც საცხოვრებელ ასევე საზოგადოებრივი შენობის მშენებლობას, სადაც 20 პროცენტი 1911,5 კვ.მ. ბინებს დაეთმობა, ხოლო 80 პროცენტი 7813,1 კვ.მ. ოფისებს და სავაჭრო ცენტრებს.
არქიტექტურის ვებ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ პირველ სართულზე განთავსებულია სავაჭრო დარბაზები, სასტუმროსი და ლიფტების ჰოლი, მეორე სართულზე - გათვალისწინებულია სავაჭრო დარბაზი; მესამე და მეოთხე სართულზე განთავსებულია საოფისე სივრცე, მეხუთე და მეექვსე სართულებზე განთავსებულია სასტუმრო ნომრები; მეშვიდე სართულიდან მეთორმეტე სართულამდე ქუჩის მხარეს ბლოკში განთავსებულია სასტუმრო ნომრები, ხოლო უკანა ეზოს მხარეს ბლოკში - ბინები.
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ სასტუმროს ნომრებსა და ბინებში შესვლა ხდება ატრიუმის პერიმეტრზე გათვალისწინებული აივნების მეშვეობით. მინუს ერთ სართულზე (მიწისქვეშა სართულზე) გათვალისწინებულია ავტოსადგომი 35 ავტომობილზე
როგორც ირკვევა შენობა კარკასულია, დოკუმენტში წერია, რომ კედლები ნაწილობრივ მოპირკეთდება ტრავერტინის ფილებით, ნაწილი შეილესება და შეიღებება ტერაკოტისა და მუქი ნარინჯისფერი წყალმედეგი საღებავით, პროექტის შესაბამისად, კარ-ფანჯარა შესრულდება მუქი ფერის მეტალო-პლასტმასით, ხოლო ვიტრაჟები - მუქი ფერის ალუმინით, სასტუმროს ბლოკის მოაჯირები შესრულდება მინით, საცხოვრებელი ბლოკის აივნების მოაჯირები - ლითონით, რომელიც შეიღებება მუქი ფერის ზეთოვანი საღებავით.