საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რეგიონებში ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა უკვე მე-15 იდეათეკა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლაში გახსნა.
ამიერიდან საბათლოს საჯარო სკოლის 66 მოსწავლეს, სადაც 50 ეთნიკურად სომეხი და 16 ქართველი ბავშვი სწავლობს, ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მრავალფუნქციური და მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, კომპიუტერებით, პროექტორებითა და სხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსით.
„მოხარული ვართ, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში იდეათეკების პროექტი უკვე მე-15 სკოლაში განვახორციელეთ. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ არაფორმალური და ფორმალური განათლების ხელმისაწვდომობას საზღვრისპირა, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ. ამ დროისთვის უკვე 7 000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსებზე“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
საქართველოს ბანკმა განათლების მხარდასაჭერად „იდეათეკების“ პროექტის განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო. ბანკის მხარდაჭერით იდეათეკები 6 სხვადასხვა რეგიონის 15 საჯარო სკოლაში უკვე გაიხსნა. ესენია: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლები (დიცი, ხურვალეთი, ზემო ნიქოზი), თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლა, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1, ოზურგეთის მე-4, ახალქალაქის მე-3, დუისის, ჩოხატაურის #1, ნაბეღლავის, ჯვარის #1, უდაბნოს, ერისიმედისა და საბათლოს საჯარო სკოლები.